კობახიძე აგვისტოს ომზე: ეს არ იყო თავდაცვითი ოპერაცია

პუბლიკა

„ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღესაც გაიმეორა რუსული დეზინფორმაცია, რომ ომი საქართველომ დაიწყო და აქვე, მან თქვა, რომ ეს არ ყოფილა „თავდაცვითი ოპერაცია”.

„როდესაც გათენდა 2008 წლის 8 აგვისტო, დილიდან მაშინდელი რეჟიმი გვიცხადებდა სიამაყით, რომ ისინი იღებდნენ სოფელს სოფელზე, დასახლებას დასახლებაზე, მიიწევდნენ წინ ცხინვალისკენ. შესული იყვნენ ცხინვალში, მიიწევდნენ როკის გვირაბისკენ.

ეს არ იყო თავდაცვითი ოპერაცია, პირდაპირ გვიცხადებდნენ ისინი, რომ ახორციელებდნენ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას და ამისათვის ახორციელებდნენ შეტევით მოქმედებებს”, – განაცხადა „ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა. ვითარება აგვისტომდე რამდენიმე თვით ადრე დაიძაბა.