კობახიძე: ამ კანონზე უარის თქმა უბრალოდ არ შეიძლება, არავითარ შემთხვევაში

პუბლიკა

პრემიერი ირაკლი კობახიძე გამორიცხავს რუსული კანონის გაწვევას.

პრესკონფერენციაზე მან ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ კიდევ ერთხელ გაიმეორა რომ რუსული კანონი სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის მნიშვნელოვანია და კომპრომისი დაუშვებელია.

მან ისაუბრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაზე და ის პოლარიზაციაში დაადანაშაულა, ამის შემდეგ კი განაცხადა, რომ ახლა არსებულ პოლარიზაციაშიც უკვე ოპოზიციური პარტია ენმ-ია დამნაშავე.

„ეს კონკრეტული კანონი, არის ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. რა თქმა უნდა, ყველა პრობლემას ერთი კანონი ვერ მოაგვარებს. იმისათვის, რომ ჩვენ პოლარიზაციის, იგივე რადიკალიზმის ჩაკეტილი წრე გავარღვიოთ. ეს ხომ ჩვენი ეროვნული ამოცანაა?! ეს ხომ თქვენც გინდათ, როგორც საქართველოს მოქალაქეს?! ხომ არ ვიქნებით მუდმივად ამ რეჟიმში, რომ „ნაცმოძრაობამ“ ყოველ წელს უნდა სცადოს არჩევნების შედეგების მიუხედავად რევოლუციის მოწყობა, ხელისუფლების დაბრუნება. ეს ჩაკეტილი წრე უნდა გაირღვეს და ეს იმდენად მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანაა, რომ ამ კანონზე უარის თქმა უბრალოდ არ შეიძლება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტში რუსული კანონის მეორე მოსმენა დასასრულს უახლოვდება. თუ დეპუტატები 9 საათამდე პოლიტიკურ გამოსვლებს დაასრულებენ, დღესვე შედგება მეორე კენჭისყრაც.

პარლამენტის მიმდებარედ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. შსს-მ მოქალაქეებისგან გაათავისუფლა პარლამენტის შესასვლელები და ჩააყენა ფიზიკური ძალა. უკვე გამოყვანილია სპეცტექნიკა.