კობახიძე ამბობს, რომ პოზიციების შეჯერებისთვის ვეტოს პროცედურის გამოყენებაა შესაძლებელი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში რუსულ კანონში ცვლილებებზე შესაჯერებლად მზად არიან.

კობახიძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებთან საუბარში პოზიტიურ ძვრებს ხედავს იმაზე, რომ შესაძლოა, პოზიციები შეჯერდეს.

„ბოლო შეხვედრების შემდეგ, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არის ახლა მზაობა დისკუსიისთვის კანონის ნორმებთან დაკავშირებით. მე განვუმარტე ჩვენს პარტნიორებს, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია, რომ შეჯერდეს პოზიციები. ჩვენ ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ არ წერს ხოლმე საკუთარ ვეტოს კანონპროექტებს, ან NGO-ები უწერენ, ან გარედან უწერენ. შესაბამისად, ეს ბერკეტი შეგვიძლია კიდევ ერთხელ გამოვიყენოთ. შესაძლებელია ვეტოს პროცედურის გამოყენება, იმისათვის, რომ ჩვენ შევაჯეროთ პოზიციები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით.

აქ უკვე, პრინციპში, ჩვენი პარტნიორები, იძულებული იქნებიან, რომ კონკრეტული შენიშვნები წარმოადგინონ და ასახონ პრეზიდენტის ვეტოში. თქვენ იცით, რომ ვეტო როცა შემოდის პარლამენტში, ვეტო უნდა იყოს ჩამოყალიბებული კონკრეტული კანონპროექტის სახით. აქ უკვე იძულებაა, რომ კონკრეტული რაღაც შემოგთავაზონ. მანამდე, მზად ვართ პოზიციების შეჯერებისთვის. დისკუსიისთვის ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტური ღიაობა და მზაობა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერი ამ საკითხს მოგვიანებითაც მიუბრუნდა და განაცხადა, რომ ვეტოს პროცედურის დროს საკითხების შეჯერებაზე მას საუბარი ჰქონდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებთან, მათ შორის, შარლ მიშელთანაც.

„ვეტოს პროცედურის ფარგლებში არის ორი კვირა, 14-28 მაისს, როცა შესაძლებელია ყველა საკითხის განხილვა-შეჯერება უცხოელ პარტნიორებთან, მათზე მაქვს საუბარი, რაზეც უკვე შედგა ჩვენ შორის… ევროკავშირის უმაღლესი დონის წარმომადგენლებზეა საუბარი… მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტთანაც მქონდა საუბარი და შევჯერდით, მისი ინიციატივაც იყო და ეგრევე დავუჭირე ამას მხარი… პირდაპირ, გახსნილად შევთავაზე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს ეს დისკუსია, რომ წარმოგვიდგინეთ კონკრეტული შენიშვნები, დავსხდეთ, შევჯერდეთ, რაზეც შევჯერდებით, იმას ავსახავთ კანონში… რა თქმა უნდა, ისე რა აზრი აქვს დისკუსიას, მივიღებთ სამართლებრივ შენიშვნებს და რა თქმა უნდა, ამის გაზიარებაზეა საუბარი“, – განაცხადა მან.