კობახიძე: ამერიკელმა კუბილიუსმა მიიწვია ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე, აქაც არაფერი საინტერესო არ არის

პუბლიკა
content image

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის მიერ ტრამპის ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილის მიწვევას ეხმაურება.

კობახიძე უილსონს „ამერიკელ კუბილიუსს“ უწოდებს და ამბობს, რომ „ამერიკელი კუბილიუსის განცხადებებს არანაირი დატვირთვა არ აქვს“.

„რაც შეეხება ინაუგურაციაზე მიწვევას, ამერიკელმა კუბილიუსმა მიიწვია ის [სალომე ზურაბიშვილი] ინაუგურაციაზე. აქაც არაფერი საინტერესო არ არის. მოქალაქე ზურაბიშვილს შეუძლია დაესწროს ინაუგურაციას, როგორც ამას აკეთებს ასიათასობით ადამიანი. ამერიკელი კუბილიუსის განცხადებებს არანაირი დატვირთვა არ აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების „გადატვირთვაზე“. მისი თქმით, აშშ-სთან ურთიერთობის „გადატვირთვა“ უკრაინაში ომის დასრულებაზე იქნება დამოკიდებული.

„ურთიერთობების გადატვირთვა დამოკიდებული იქნება უკრაინაში ომის დასრულებაზე. ჩვენ პირველ რიგში უნდა დაველოდოთ უკრაინაში ომის დასრულებას, რაც მალე დასრულება უკრაინაში ომი, მით უკეთესი პირველ რიგში უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის, მაგრამ ასევე მით უკეთესი ჩვენი რეგიონისთვის, მით უკეთესი საქართველოსთვის, შესაბამისად, ჩვენ ყველამ უნდა ვუგულშემატკივროთ უკრაინაში ომის დასრულებას.

ჩვენ ვამბობდით სამ პირობას ურთიერთობის გადატვირთვისთვის – პირველი იყო ჩვენი არჩევნები, რომელიც დასრულდა, არის შემდგარი ხელისუფლება, მეორე იყო ამერიკის არჩევნები და ესეც თითქმის დასრულების პროცესშია. 20 იანვარს შედგება ინაუგურაცია, აქედან სამ კვირაში იქნება ახალი რეალობა და მესამე პირობა იყო უკრაინაში ომის დასრულება. ჩვენ ვსაუბრობდით ამ სამ პირობაზე კუმულაციურად და სამივე პირობის შესრულების შემდეგ, დარწმუნებული ვართ, ჩვენი ქვეყნისთვის ვითარება შემსუბუქდება, მათ შორის დღის წესრიგიდან მოიხსნება მოთხოვნა მეორე ფრონტის გახსნაზე. როცა აღარ იქნება პირველი ფრონტი, აღარ იქნება მეორე ფრონტის მოთხოვნა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვია.

„მოხარული ვარ, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მოვიწვიო სალომე ზურაბიშვილი, როგორც საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი.

მოხიბლული ვარ იმ სიმამაცით, რომელსაც ის იჩენს ივანიშვილისა და მისი მეგობრების: ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის რეჟიმის თავდასხმის მიმართ”, – დაწერა უილსონმა X-ზე.