კობახიძე: ამერიკული FARA არის საკმაოდ უხეში კანონი. იმედია, დაიხვეწება

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში ინიციირებულ FARA-ს კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ უხეში კანონია და ადამიანის უფლებების სტანდარტებზე მორგება სჭირდება.

„იცით ჩემი დამოკიდებულება ამერიკული „ფარას“ კანონის მიმართ, ეს არის საკმაოდ უხეში კანონი. მე იმედი მინდა გამოვთქვა, რომ პარლამენტში ამერიკული „ფარას“ კანონი დაიხვეწება და მოვა შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, ეს იქნება სწორი მიდგომა. პირველად ვარიანტად „ფარას“ ინიციირება, რა თქმა უნდა, იყო სწორი, თუმცა ეს კანონპროექტი საჭიროებს დახვეწას და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, ესაა პარლამენტის საქმე“, – განაცხადა მან.

„ოცნების“ პარლამენტში 24 თებერვლის ბიუროს სხდომაზე ამერიკული „FARA-ს ქართულენოვანი თარგმანი“ დარეგისტრირდა. „ოცნების“ წევრები ირწმუნებიან, რომ ესაა ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი.

კანონპროექტში მოხსენიებულია აშშ-ის ინსტიტუტები და ორგანოები, მაგალითად აშშ-ის პრეზიდენტი, სახელმწიფო დეპარტამენტი, ხაზინის მდივანი და ა.შ. „ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ კანონპროექტი ქართულ რეალობას საპარლამენტო განხილვების დროს მოერგება.

2023 წელს ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ ამერიკული კანონი „კატასტროფაა და ასეთი კანონის მიღებას პარლამენტი ვერ იკადრებდა“.

2025 წელს კი კობახიძემ თქვა, რომ „ენჯეოების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გავრცობის საუკეთესო საშუალება აშშ-ის კანონის პირდაპირი კოპირებაა“.