კობახიძე ანტიკორუფციულზე: არ ივარგებდა წმინდა სამართლებრივი კრიტერიუმებით მოქმედება

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანტიკორუფციულმა ბიურომ „აბსოლუტურად ლოგიკურად შეუფარდა ორგანიზაციებს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი, თუმცა ერთია წმინდა სამართლებრივი მიდგომა და მეორეა სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობა“.

კობახიძის შეფასებით, სათანადო პირობების არსებობის მიუხედავად, წინასაარჩევნო პერიოდში არ იქნებოდა მიზანშეწონილი ორგანიზაციებისთვის ასეთი სტატუსის შეფარდება, რადგან ეს არაფერს იძლევა.

„ყველასთვის ცხადი და ნათელია, რომ კონკრეტული ორგანიზაციები, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მოქმედებენ დღეს გაცხადებული  პოლიტიკური და საარჩევნო მიზნით, მათ აქვთ გაცხადებული საარჩევნო დღის წესრიგი. ისინი პირდაპირ არიან ჩართული საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდაში, რის პირდაპირი მტკიცებულებები არსებობს. ამას ისინი არც მალავენ. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო თავის დროზე ანტიკორუფციულმა ბიურომ, როდესაც ამ ორგანიზაციებს შეუფარდა განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი, თუმცა ერთია წმინდა სამართლებრივი მიდგომა და მეორეა სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობა. რა თქმა უნდა, ანტიკორუფციული ბიურო არ არის პოლიტიკური ორგანო, აქედან გამომდინარე ანტიკორუფციული ბიურო მოქმედებს არსებითად სამართლებრივი კრიტერიუმებით, თავიდან ბოლომდე წმინდა სამართლებრივი კრიტერიუმებით. ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ წმინდა სამართლებრივ კრიტერიუმებთან ერთად, სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობის კრიტერიუმიდანაც ამოვიდეთ, როდესაც ვმსჯელობთ შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით. სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ წარვადგინეთ შესაბამისი მოწოდება ანტიკორუფციული ბიუროს წინაშე. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არ იქნებოდა მიზანშეწონილი, მიუხედავად სათანადო პირობების არსებობისა, საერთაშორისო გამჭვირვალობისთვის თუ მსგავსი ორგანიზაციებისთვის ასეთი სტატუსის შეფარდება ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს უბრალოდ არაფერს არ იძლევა. ერთადერთი, რასაც ეს იძლევა არის ის, რომ შეიძლება ვიღაცებს ჰქონდეთ საბაბი სპეკულირებისათვის.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ვერავის გააკვირვებს თავისი საარჩევნო დაკვირვებით. ვერც 2020 წელს გააკვირვა და მით უმეტეს ვერც 2024 წელს გააკვირვებს, ისეთი შელახული აქვს მას რეპუტაცია. აქედან გამომდინარე, უმჯობესი იქნებოდა, რომ არავისთვის მიგვეცა არავითარი საბაბი საუბრებისთვის, სპეკულაციებისთვის. კარგია, რომ გაიზიარა ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩვენი შესაბამისი მოწოდება. ამ შემთხვევაში არ ივარგებდა წმინდა სამართლებრივი კრიტერიუმებით მოქმედება და სწორედ ამას ეფუძნებოდა ჩვენი მოწოდება ანტიკორუფციული ბიუროს მიმართ“, – განაცხადა მან.


ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გადაწყვეტილების შეცვლას წინ უძღოდა ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადება. კობახიძემ ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდა, „საერთაშორისო გამჭვირვალობასა” და „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან” დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს.

კობახიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „TI საქართველოს” განცხადებული აქვს საარჩევნო მიზანი და ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, სამართლებრივი თვალსაზრისით, „უტყუარობის უმაღლესი სტანდარტით არის დასაბუთებული“, ანტიკორუფციულის გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს „სახელმწიფო ინტერესებისა და საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან არიდების მიზნით”.

ირაკლი კობახიძემ ბიუროს ასევე მოუწოდა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდებისგან.

2024 წლის 24 სექტემბერს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად.

შესაბამისად, ორ ორგანიზაციასა და მათ ხელმძღვანელებს დაევალათ, 5 დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე გახსნან და წარადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტებზე, რომლებიც გამოიყენება საარჩევნო მიზნებისთვის.

30 სექტემბერს კი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ განაცხადეს, რომ ორგანიზაციის სახელით არჩევნებს ვერ დააკვირდებიან და ხმების დასაცავად ინდივიდუალურ მუშაობას გააგრძელებენ.