„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად გამართულ აქციაზე თუ „ძალადობრივ დანაშაულს“ ექნება ადგილი, შარშან დაკავებულებისგან განსხვავებით, „სასჯელი ბევრად უფრო მკაცრი შეიძლება იყოს“.
კობახიძის მტკიცებით, საჯარო მოწოდებების თანახმად, „ხვალინდელი აქციის გაცხადებული მიზანია დაუპირისპირდნენ კონსტიტუციურ წყობილებას და სცადონ კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა“.
„როგორც მოგეხსენებათ, რადიკალურმა პოლიტიკურმა ძალებმა ხვალ დააანონსეს მიტინგი, რომლის გაცხადებული მიზანია, დაამხონ ან ძალადობით შეცვალონ საქართველოს კონსტიტუციური წყობილება. ამ მიტინგის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა აიღეს ან/და მის გაცხადებულ მიზანს მხარდაჭერა გამოუცხადეს „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და რამდენიმე შედარებით მცირე პოლიტიკურმა პარტიამ. […]
თავისთავად ცხადია, რომ მიტინგის მიზანი არა მხოლოდ არაკონსტიტუციურია, არამედ მისი აღსრულების ნებისმიერ მცდელობასაც სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს.
შესაბამისად, თუ ამ უკანასკნელთ შარშან განხორციელებული ძალადობრივი აქტების გამო 2-დან 4.5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხვალ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, შეფარდებული სასჯელი ბევრად უფრო მკაცრი შეიძლება იყოს.
აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პასუხისგებაში მიეცა ერთ-ერთი პირი, რომელმაც საარჩევნო უბნების დარბევის მუქარის შემცველი ვიდეომიმართვა გაავრცელა. ყველას მინდა შევახსენო, რომ ამ კატეგორიის დანაშაულისთვის სისხლის სამართლის კოდექსი 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – თქვა კობახიძემ.
„ოცნების“ პრემიერმა კობახიძემ მოუწოდა ყველა პოლიტიკურ პარტიას და სხვა გაერთიანებას, გაემიჯნონ შეკრებას, „რომლის მიზანიც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლაა“.
„თუ საუბრობენ სიურპრიზებზე, ნებისმიერ პატარა სიურპრიზს დახვდება ჩვენი დიდი სიურპრიზი“, – თქვა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ძალადობაში მონაწილეობა ითვალისწინებს „მრავალწლიან სასჯელს“.