ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას, „ყირიმის პლატფორმის“ მე-4 სამიტზე სალომე ზურაბიშვილის მიწვევის შესახებ, მმართველი პარტიის პროპაგანდისტული ნარატივით უპასუხა.
კერძოდ, მისი თქმით, „აბსოლუტურად არ არის გასაკვირი სალომე ზურაბიშვილისა და კონკრეტული უკრაინელი მაღალჩინოსნების მეგობრობა, ზურაბიშვილი შეხვედრებზე ღიად მოგვიწოდებდა მეორე ფრონტისკენ”.
პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ „სალომე ზურაბიშვილი არის იქ, სადაც ხმოვანდებოდა მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით”.
„მე კიდევ ერთხელ მინდა, გავიხსენო ჩემი და შალვა პაპუაშვილის შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან. ეს იყო ომის დაწყებიდან მეორე-მესამე დღეს, სადაც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა დაიწყო ასეთი სიტყვებით – „ნახეთ, ზელენსკი გმირია და თქვენ იყავით მასეო“. საითკენაც მოგვიწოდებდა ზურაბიშვილი, ეს ძალიან ადვილი მისახვედრია. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილისა და კონკრეტული მაღალჩინოსნების მეგობრობა ჩემთვის აბსოლუტურად არ არის გასაკვირი, სალომე ზურაბიშვილი ღიად მოგვიწოდებდა ჩვენ შეხვედრებზე მეორე ფრონტისკენ”. – თქვა ირაკლი კობახიძემ.
უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, მიხაილო ხარიშინმა „ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, რომ „ყირიმის პლატფორმის” მე-4 სამიტი 11 სექტემბერს კიევში გაიმართება და რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოწვევა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გაუგზავნა.
ხარიშინმა ასევე თქვა, რომ რჩება განცდა, თითქოს ვიღაცას სურს, საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული ურთიერთობები ჩაახშოს. კერძოდ, მისი განცხადებით, როცა საქართველოში უკრაინის „ელჩის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულება მზადდებოდა, მოულოდნელად საქართველოს მთავრობის მაშინდელი მეთაურის მხრიდან, „გაუგებარი რიტორიკა წამოვიდა”.
ხოლო ირაკლი კობახიძის თქმით, „თუ ვინმეს რამე აქვს გადასახედი, ეს არის უკრაინის ხელისუფლება, რომელმაც უნდა გადახედოს გადაწყვეტილებას ელჩის გაწვევის თაობაზე, ჩვენ დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რადგან ეს სჭირდება უკრაინელ ხალხს“.