ირაკლი კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა „ქართული ოცნების” პროპაგანდისტული ნარატივი, რომ საქართველოს ომში ჩართვას ითხოვდნენ. მისი თქმით, „მათთან კონკრეტული ოფიციალური პირი მივიდა”.
ჟურნალისტმა მას სთხოვა, დაესახელებინა ეს ადამიანი, თუმცა, ირაკლი კობახიძემ ამაზე უარი თქვა.
„2020 წლის თებერვალში გაიმართა 2 შეხვედრა – ომის დაწყებამდე და ომის დაწყების შემდეგ.
დღესაც არ ვაკონკრეტებ, ვინ იყო კონკრეტულად მოსული, მაგრამ იყო კონკრეტული ადამიანი მოსული, ოფიციალური თანამდებობის პირი, რომელმაც პირდაპირ მოგვთხოვა ომში ჩართვა. პრობლემები დაიწყო სწორედ ამ მომენტიდან, როდესაც ჩვენ ვთქვით უარი, თან პირდაპირ არ გვითქვამს არაფერი, კითხვები დავსვით. უმარტივეს კითხვებზეც კი არ იკადრეს პასუხები გაცემა. მოითხოვეს ჩვენი ომში ჩართვა, მეორე ფრონტის გახსნა, აქედან დაიწყო პრობლემები მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მიმართ ფინანსური შანტაჟი.
ამიტომ, ყველაფერი დღესავით ცხადია. რა უნდოდათ ჩვენი ქვეყნისგან.
ვერ ვიტყვით, ვინ იყო, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ინტერესებს ვიცავთ”. – თქვა ირაკლი კობახიძემ.
მანამდე კობახიძემ ბრიფინგზე „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადება წაიკითხა.
ეს არის პასუხი ევროკავშირის განცხადებაზე, რომლითაც დასავლეთმა „ქართულ ოცნებას” ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა მოსთხოვა და ამისთვის ვადა აგვისტოს ბოლომდე მისცა. ევროკავშირის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში დღის წესრიგში ვიზალიბერალიზაციის გადახედვა დადგება.
„ოცნების” განცხადება კვლავ პროპაგანდისტული ნარატივებს მოიცავს „რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვის” შესახებ, რომელსაც „დასავლეთი ითხოვდა”.
პარტიის განცხადებაში ისევ ლაპარაკია „გამუდმებულ შანტაჟზე” დასავლეთის მხრიდან, რაც, მათი ნარატივის თანახმად, იმიტომ ხდებოდა, რომ „საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი არ გახსნა”.