კობახიძე: არ გამოვრიცხავ, რომ ეს ფარული ჩანაწერი აკერმანის ჩამოტანილი იყოს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ჩანაწერი, რომელიც გუშინ გავრცელდა მედიაში და სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი რუს სანქცირებულ ოლიგარქ ვლადიმერ ევტუშენკოვს ესაუბრება, საუბარია სავაჭრო ურთიერთობებზე და როცა ორი ბიზნესმენი საუბრობს ერთმანეთთან, ამაში გასაკვირი არაფერია.

„რაც შეეხება შეხვედრას, თუ რაიმე შეხვედრა იყო ვინმესთან პრემიერის მხრიდან, ამაზე პრემიერი გააკეთებს განცხადებას და კომენტარს. ამ საუბარში ლაპარაკია სავაჭრო ურთიერთობებზე. როდესაც ორი ბიზნესმენი საუბრობს ერთმანეთთან, თუნდაც სავაჭრო ურთიერთობებზე, ამაში რამეა გასაკვირი? მე რაც ვიცი, ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ამ პირისთვის სანქციები აქვს დაწესებული ავსტრალიაა. ამაშიც არის საინტერესო დეტალები.

მე მგონია, რომ ეს ყველაფერი, ე.წ., ჩანაწერი, მერე არახამიას განცხადება არის ლოგიკური გაგრძელება ბაკურიანის შეკრების. ბაკურიანში შედგა რევოლუციური შეკრება, შულავერის კომიტეტის მოღალატეობრივი შეკრება. სადაც მათივე აღიარებით განხილული იქნა ხელისუფლების შეცვლის გეგმები. მათ იციან, რომ ემოციური ფონის შეცვლის რესურსი არ აქვთ და ეჭიდებიან ხავს და ეს ჩანაწერიც ერთგვარი ხავსია. მე იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ იგივე აკერმანის ჩამოტანილი იყოს ეს ფარული ჩანაწერი. პირდაპირ უკავშირდებოდეს ბაკურიანის შეკრებას. ეს ჩემი პოლიტიკური ვარაუდია“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე საუბრობს შეხვედრაზე, რომელიც აპრილის დასაწყისში ბაკურიანში გაიმართა. მონაწილეების განმარტებით, შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო მოძრაობებთან თუ ოპოზიციურ პარტიებთან, ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს – საქართველოში ავტორიტარიზმის დამარცხება დემოკრატიული პროცესით და არაძალადობრივი წინააღმდეგობით მოხდეს.

პიტერ აკერმანი, რომელიც ამ შეხვედრაში მონაწილეობდა, წარმოადგენს არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრს, რომელიც ტრენინგის მონაწილეებს ესაუბრა ტირანიებისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ არაძალადობრივად ბრძოლის ფილოსოფიაზე. პიტერ აკერმანი არაერთი წიგნის ავტორია.