კობახიძე არ მიმაჩნია სერიოზულ ფიგურად, არ აქვს აღიარება არცერთ ქვეყანასთან - ლომჯარია

პუბლიკა

„პირველ რიგში მმართველი პარტიის თავმჯდომარე არ მიმაჩნია საერთოდ სერიოზულ ფიგურად, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია, აღიარება არ აქვს არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და არცერთ ქვეყანასთან“, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ის ოთხი წლის განმავლობაში არაერთგზის გამხდარა თავდასხმის ობიექტი, თუმცა ამ შემთხვევაში თავდასხმა სახალხო დამცველსა და მის ინსტიტუტზე იყო ბევრად საშიში, რადგან მმართველი პარტიის მხრიდან იყო დამუქრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით.

„მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერები პირდაპირ დაემუქრნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით სახალხო დამცველს და სახალხო დამცველის ექსპერტებს, ექიმებს, მათი პროფესიული საქმიანობის პირნათლად შესრულების გამო, რომ დადგებოდა მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ეს უკვე სხვა რეალობა იყო.

თავიდან არ შევხედე ამ ყველაფერს სერიოზულად, იმიტომ, რომ ეს ადამიანები სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურებად არ მიმაჩნია.  პირველ რიგში, მმართველი პარტიის თავმჯდომარე არ მიმაჩნია სერიოზულ ფიგურად, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია თუ აღიარება არ აქვს არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ქვეყანასთან, დასავლეთს ვგულისხმობ, და მე ეს დანამდვილებით ვიცი. თუმცა ამას ჰქონდა დამაშინებელი ეფექტი ჩემი ჯგუფის წევრების, ექსპერტების, ექიმების მიმართ. მათთვის ეს იყო სრულიად ახალი რეალობა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


18 ნოემბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას „ფეიკი“ უწოდა და ამ, მისი თქმით, „ფეიკით“ გამოწვეული მოსალოდნელი შედეგების გამო, ომბუდსმენისა და ექიმის შესაძლო პასუხისმგებლობაც ახსენა.

„რაც შეეხება პასუხისმგებლობას, როცა იდება ასეთი ფეიკდასკვნა, მათ შორის ექიმებისა და სახალხო დამცველის მიერ, წარმოიდგინეთ, ამ ფეიკს მოჰყვა გაგრძელება და გაგრძელება არის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ამას მოჰყვა ის სცენარი, რომლისაც ჩვენ გვეშინია. ამ შემთხვევაში ეს მორიგი ფეიკი ხდება ისეთი რამ, რასაც შეიძლება პირდაპირი პასუხისმგებლობაც მოჰყვეს, მათ შორის, ომბუდსმენისა და ექიმის“, – განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

17 ნოემბერს ცნობილი გახდა, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე.

დასკვნის მიხედვით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებული იყო ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რა პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებდა.