დღევანდელ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს სახელმწიფო უმივესრიტეტების შენობების შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა.
კობახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ „შენობას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა უნივერსიტეტის იდენტობისთვის“, ის შენობა შენარჩუნდება არსებული აკადემიური დატვირთვით.
კობახიძემ თქვა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევაში არ განიხილება პირველი და მეორე კორპუსების საკითხი, რადგან ეს შენობები თსუ-ს იდენტობის განუყოფელი ნაწილია. მისივე განცხადებით, ცვლილებები არ შეეხება არც სამედიცინო უნივერსიტეტის შენობებს და ყველაფერი არსებული სახით დარჩება.
რაც შეეხება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობებს, კობახიძის თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა გაიმართება უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და აკადემიურ საბჭოსთან. მისივე განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილება კონსულტაციების საფუძველზე და საერთო შეთანხმებით იქნება მიღებული.
„ზოგადი პრინციპი არის შემდეგი, თუ რომელიმე შენობას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა, შესაბამისი უნივერსიტეტის იდენტობისთვის, ეს შენობა დარჩება ადგილზე შესაბამისი აკადემიური დატვირთვით.
მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევაში, ცალსახად აღვნიშნეთ, რომ ბუნებრივია, ვერ შევეხებით და არ შევეხებით პირველ და მეორე კორპუსებს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს შენობები არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იდენტობის განუყოფელი ნაწილი. რაც შეეხება სხვა უნივერსიტეტებს, ასევე სამედიცინო უნივერსიტეტსაც არ ვეხებით, ყველაფერი რჩება ისე, როგორც არის.
რაც შეეხება ტექნიკურს, დღეს ამაზე გვქონდა საუბარი, გვექნება მსჯელობა კონკრეტულად შენობებთან დაკავშირებით, ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან, აკადემიურ საბჭოსთან ამასთან დაკავშირებით, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია შევჯერდეთ საერთო გადაწყვეტილებაზე. აქაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული კონსულტაციების საფუძველზე“,- განაცხადა კობახიძემ.
16 ოქტომბერს უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უნივერსიტეტების შენობების გაყიდვასაც გეგმავენ. უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალში, რომელთა შენობებიც არ გაიყიდება, მან დაასახელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი, თეატრალური უნივერსიტეტი, კონსერვატორია, სამხატვრო აკადემია.
ილიას უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე 17 ოქტომბერს უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებს და უნივერსიტეტების შენობების შესაძლო გაყიდვას ასე გამოეხმაურა:
„დაუშვებლად მიმაჩნია ამ ისტორიული – ილიასა და ჯავახიშვილისეული – კონცეფციის შეცვლა ახალი, ვაკე-საბურთალოს საუნივერსიტეტო შენობების გაყიდვაზე და სოვდაგრულ აღებ-მიცემობაზე დაფუძნებული გაუგებრობით. ვნახეთ უკვე ამ ახალი კონცეფციის პირველი მერცხალი: როგორ გაიყიდა სპორტის უნივერსიტეტის შენობა ვაკეში და როგორ „მოხმარდა“ იგი ბიზნესმენების მესაკუთრული იდენტობის ამაღლებას. უნივერსიტეტი მარტო შენობები არაა, მით უმეტეს, გასაყიდად მომგებიანი შენობები. უნივერსიტეტი ყველაზე მნიშვნელოვანი მეხსიერების ადგილია, თაობებს შორის უწყვეტობის, მემკვიდრეობითი კავშირის ადგილია. აქ ხვდება ერთმანეთს წარსული, აწმყო და მომავალი ქვეყნის, ერის სიცოცხლისუნარიანობის მთავარი ინსტრუმენტით: „აზრის აღებ-მიცემობის“ (ილია) ძალით და ამის მოშლა დაუშვებელია.“