„ქართული ოცნების“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით „ოცნების” პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მოუსმინეს.
კობახიძე „ქართული ოცნების“ ფრაქციამ პარლამენტში მიგრაციის თემაზე დაიბარა.
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მიმართულებით გატარებულ ზომებზე და თქვა, რომ „ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო კანონები, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა ბოლო პერიოდში მიიღო“.
მისი განცხადებით, საქართველოში, დაახლოებით, 20 ათასი პირი იმყოფება არალეგალურად და 2026 წლის განმავლობაში გეგმავენ არალეგალი მიგრანტების, დაახლოებით, 20%-ის გაძევებას.
„საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა არის 3 მილიონ 914 ათასი ადამიანი. აქედან მაქსიმუმ 257 ათასი უცხოელია. […]
ჩვენი წინასწარი მონაცემებით, არალეგალი მიგრანტების რაოდენობა საქართველოში შეადგენს, დაახლოებით, 20 000-ს. თუმცა, დაახლოებით, 2 თვეში მაქსიმუმ გვექნება დაზუსტებული მონაცემები. […]
ჩვენ 2025 წელს, გასული 12 თვის განმავლობაში გავაძევეთ იმაზე მეტი არალეგალი უცხოელი, ვიდრე გასული 10 წლის განმავლობაში, ანუ გადავასწარით გასული 10 წლის სტატისტიკას, თუმცა ეს საკმარისი არ არის.
ჩვენი გეგმის მიხედვით, კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა და 2026 წლის განმავლობაში ვფიქრობთ, მივაღწევთ 4000-იან ნიშნულს, შესაბამისად, მოხერხდება უცხოელი არალეგალი მიგრანტების დაახლოებით 20%-ის გაძევება მიმდინარე წლის განმავლობაში. ეს სავსებით რეალურია იმ ცვლილებებიდან გამომდინარე, რომელიც ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში.
გაძევებულ პირთა 20,5% არიან ინდოეთის მოქალაქეები, 12,9% – თურქეთის მოქალაქეები, 12% – ირანის მოქალაქეები, 7,5% – ჩინეთის მოქალაქეები, 5,6% – რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
13 თებერვალს „ოცნების“ პრემიერმა სოციალურ ქსელში მიგრაციის თემასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც თქვა, რომ მიგრაციის საკითხი ქართულ საზოგადოებას განსაკუთრებულად აწუხებს.
კობახიძის განცხადებით, მიგრაციის მიმართულებით „ბევრი რამ არის დასახვეწი და გასაუმჯობესებელი“. მისი თქმით, აძლიერებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, რომელიც „საშუალებას მოგვცემს, ქვეყანა რამდენიმე წელიწადში სრულად გავათავისუფლოთ არალეგალი მიგრანტებისგან“.
კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში უცხოელების შრომითი საქმიანობა 1-ლი მარტიდან კანონით მნიშვნელოვნად იზღუდება, „რაც შესაძლებლობას მოგვცემს როგორც ქვეყნის ეკონომიკის, ისე ჩვენი მოქალაქეების ინტერესები სათანადოდ დავიცვათ“.