კობახიძე: „არაუგვიანეს ორი კვირისა უკვე რაღაც ფორმატები უნდა არსებობდეს და შედგეს დებატები მხარეებს შორის“

პუბლიკა

„ქართული ცონების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში მის მიერ დღეს გაჟღერებულ ინიციატივასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც „საჯარო დისკუსიის დაბრუნების“ აუცილებლობას შეეხება. როგორც კობახიძემ თქვა, მის ამ ინიციატივას „დიდი მნიშვნელობა ენიჭება“ და „არაუგვიანეს ორი კვირისა უკვე რაღაც ფორმატები უნდა არსებობდეს და უკვე უნდა შედგეს პირველი დებატები მხარეებს შორის.“

„მთავარია რომ შედგეს ჯანსაღი ფორმატის დებატები, რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში მედიის გადასაწყვეტია, თუ რა ფორმით წარიმართება დისკუსიები საჯარო სივრცეში, ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის, მთავარია რომ გაირღვეს ის ჩაკეტილი სივრცე, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული, რაც პირნციპში ხელოვნურად მოგვახვიეს თავს. მთავარი მიზანი იყო რადიკალიზაციის გაღვივება ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში, ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში და ამას აკეთებდნენ სრულიად მიზანმიმართულად…

ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ რადიკალური ძალები ისევ შეეცდებიან ამა თუ იმ ფორმით ჩაშალონ ჯანსაღი დისკუსიები, თუმცა ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლბსაც არ აქვთ ეს რადიკალური დღის წესრიგი. თან აუცილებელი არ არის ეს დისკუსია მხოლოდ პოლიტიკოსებთან გაიშალოს, ჩვენ მზად ვართ საზოგადოების წარმომადგენლებთან დისკუსიისთვის. რა თქმა უნდა, მათი მხრიდან უფრო მეტად ველოდებით ჯანსაღ დისკუსიას, ამიტომ როცა ფორმატებზეა საუბარი ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ პოლიტიკოსებს შორის დებატებზე, რა თქმა უნდა, დებატების ეს ფორმაც აუცილებელია რომ არსებობდეს, პირველ რიგში პოლიტიკური სუბიექტები უნდა პაექრობდნენ ერთმანეთთან, რომ საზოგადეობას გააგებინოს სიმართე და გააგებინონ ინფორმირებული არჩევანი, მაგრამ ჩვენ არამარტო პოლიტიკოსებთან დისკუსიებისთვის ვართ მზად, არამედ საზოაგადოებას წარმომადგენლებთანაც.

მაგალითად ამა თუ იმ ექსპერტებთან , სპეციალისტებთან , რაც რა თქმა უნდა, არანაკლებ ღირებულია თუ არა უფორ მეტად ღირებული, ამიტომ მე ვფიქრობ რომ ეს დებატები უფრო ფართოდ უნდა გაიშალოს ვიდრე შეიძლება იყოს ვიწრო გაგებით პოლიტიკური დებატები, პოლიტიკური დისკუსია, რისთვისაც ჩვენ ასევე მზად ვართ…. დანარჩენი დეტალები დაზუსტდება ახლო მომავალში “,- განმარტა კობახიძემ ინიციატივასთან დაკავშირებული შეკითხვების პასუხად.

დღეს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა დებატების მნიშვნელობაზე. კობახიძე წერს, რომ დისკუსია მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებამ მოისმინოს განსხვავებული აზრი, გააანალიზოს და არჩევანი გააკეთოს.