კობახიძე: აშშ-ის საელჩოს დუმილი ჩვენს პოზიციაზე თანხმობის ნიშანია

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადგან აშშ-ის საელჩომ ნიკა გვარამიას საქმის განმხილველ მოსამართლეზე „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ უარყო, ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციამ სიცრუე გაავრცელა და აშშ-ის საელჩოს დუმილი „ოცნების“ პოზიციაზე თანხმობაა.

„ბრალდება გააჟღერეს მათ ამერიკის საელჩოს მიმართ, როდესაც პირდაპირ აშშ-ის საელჩო დაადანაშაულეს მოსამართლეზე ზეწოლაში. ამას სჭირდებოდა პასუხი ჩვენი მხრიდან. ჩვენ ვთხოვეთ საელჩოს, რომ გაევრცელებინა ოპოზიციის საპირისპირო ინფორმაცია. ჩვენ გვესმის, რომ ამ განცხადების გაკეთება საელჩოს გაუჭირდებოდა. უხერხულია საელჩოს მხრიდან საუბარი, რომ დისკრიმინაციას არ სჩადიან. ჩვენ გვესმის საელჩოსი. დადასტურდა უკვე, რომ ის ბრალდებები, რომელბსაც საელჩოს ოპოზიცია უყენებდა, იყო დემაგოგია. აშშ-ის საელჩოს დუმილი არის ჩვენს პოზიციაზე თანხმობის ნიშანი. ეს თემა დახურულია, საელჩოს დუმილი ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი, რასაც ავრცელებდა ოპოზიცია იყო სიცრუე“, – განაცხადა კობახიძემ.

გუშინ ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოს მოუწოდა, მცირე განცხადება გაევრცელებინა, რომელიც გვარამიას საქმის განმხილველ მოსამართლეზე „სპეკულაციებს დაასრულებდა“. მისი თქმით, ოპოზიცია დემაგოგობს, როცა ამბობს, რომ აშშ-ის საელჩომ ლაშა ჩხიკვაძე გვარამიას საქმის გამო მოხსნა პროგრამიდან. პროგრამის ფარგლებში, მოსამართლე ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა წასულიყო.

ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესზეც. მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ყველა პარამეტრით წინ ვუსწრებთ როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას. არა მარტო გვწამს, ეს არის ფაქტები, რომლებსაც ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები. აქედან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უალტერნატივოა. და ვფიქრობთ, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი ივნისის ბოლოს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, „რადიკალური ოპოზიცია“ სულმოუთქმელად ელოდება, რომ საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

„საზოგადოებამ იცის, რომ ეს ადამიანები, კონკრეტული პარტიების წარმომადგენლები შედიან კონკრეტულ კაბინეტებში და მერე იმ კაბინეტებიდან გამოდის კონკრეტული უარყოფითი გზავნილები. რაც არის მათი აგიტაციის შედეგი. ეს სამწუხაროა. იგივე ხდებოდა ვიზალიბერალიზაციის დროს და ახლაც იგივე მეორდება. ისინი სულმოუთქმელად ელოდებიან, რომ საქართველოს არ მიანიჭებს ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს. მე მჯერა, ეს ასე არ მოხდება, მაგრამ ასევე მჯერა ის, რომ მათი მოლოდინი, სამწუხაროდ, არის განსხვავებული. მარტივი მიზეზის გამო, ისინი ხედავენ საკუთარ პოლიტიკურ შანსს ამ ყველაფერში. აინტერესებთ არეულობა, გადატრიალება და საბოლოოდ ომი საქართველოში“, – განაცხადა კობახიძემ.