კობახიძე აშშ-ზე: ბევრი სხვა თემაც გვაქვს, მათ შორის, სატელეფონო საუბრებში რას ითხოვდნენ ჩვენგან

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის მიერ საქართველოს ოთხი მოსამართლის სანქცირების ფაქტი დამოუკიდებელ სასამართლოში ჩარევის პოლიტიკურ ინტერესად შეაფასა. მისი თქმით, არსებობს „ბევრი თემა“, მათ შორის ის, თუ რას მოითხოვდნენ სატელეფონო საუბრებში.

„ჩვენ ბევრი სხვა თემაც გვაქვს, დღეს არ მინდა ამაზე საუბარი, შესაძლოა მომავალში დადგეს ამის დრო. ბევრი სხვა თემაც გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში რას ითხოვდნენ ჩვენგან და ა.შ. ეს ყველაფერი არსებობს. ამიტომ მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ დაიცვან წესები და იმოქმედონ წესების შესაბამისად. ჩვენი პრინციპია ის, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი.

სხვათა შორის, ერთ-ერთი პოლიტიკური მცდელობა იყო ის, რომ „ნაცმოძრაობისთვის“ გადაგვეცა ბერკეტები სასამართლოსთან მიმართებაში. მაგალითად, ეს იყო ორჯერ, ორი მესამედის მოთხოვნა, რომ პარლამენტს უნდა მიეღო გადაწყვეტილებები ოპოზიციის ორი მესამედის მხარდაჭერით, რაც პირდაპირ ნიშნავდა იმას, რომ „ნაცმოძრაობას“ უნდა ჰქონოდა საკონტროლო პაკეტი ხელში და „ნაცმოძრაობის“ გარეშე არ უნდა მომხდარიყო მოსამართლეების დანიშვნა, ამას გვეუბნებოდნენ“ , – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5 აპრილს სანქციები დაუწესა საქართველოს 4 მოსამართლეს: ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს.