კობახიძე: ბაკურიანის შეხვედრის სახელწოდება იყო - „როგორ დავასრულოთ ტირანია", ყველაფერი ნათელია

პუბლიკა

ირაკლი კობახიძემ ბაკურიანში ოპოზიციის, არასამთავრო ორგანიზაციებისა და ტელევიზიების მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვას – რატომ ფიქრობს, რომ შეხვედრის მიზანი ხელისუფლების დამხობა იყო? – უპასუხა, რომ შეხვედრის მიზანზე მისი სახელწოდება საუბრობს. მისი თქმით, ღონისძიებაზე განიხილებოდა, ე.წ. ტირანიის დასრულება.

„ტრენინგის შინაარსი ასცდენია სინამდვილესთან და ამიტომ არიან წარუმატებლები. სადაც არ არის ტირანია, იქ ტირანიას ვერ დაასრულებ. ღონისძიების სათაური იყო – როგორ დავასრულოთ ტირანია, შესაბამისად, ნათელია რას ეხებოდა ეს შეკრება. რატომ იყვნენ პოლიტიკური პარტიები, ე.წ. ენჯეობი და ტელევიზიები ერთად წარმოდგენილი, ესეც საინტერესოა.

ამას უნდა გაეცეს პასუხი, მაგრამ დღემდე ამ შეხვედრის მონაწილეები გაურბიან შეკითხვებს ამ ღონისძიების შინაარსზე. ეს იყო შულავერის კომიტეტის შეკრება, რომლის მიზანიც ხელისუფლების გადატრიალება იყო. აქედან გამომდინარე თავის მართლება საფუძველს მოკლებულია. წარმოადგინონ არგუმენტები, რატომ  უნდა შეიკრიბონ პარტიები ენჯეობი და ტელევიზიები ერთად. რატომ შეიძლება ასეთ თემებზე ერთად მსჯელობდნენ ეს სუბიექტები ერთი შეხედვით გაუგებარია“ , – განაცხადა კობახიძემ.

კითხვას – დაიწყება თუ არა აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება? – უპასუხა:

„გამოძიება დამოკიდებულია სამართლებრივ სტანდარტებზე. ჩვენ ვიცით, რომ ეს ადამიანები არიან მოღალატეები, მაგრამ ღალატის სტანდარტი განსხვავებულია. ხშირად ისმის კითხვა – თუ არიან მოღალატეები, რატომ არ ისჯებიან? – მიზეზი მარტივია – სამართლებრივი სტანდარტი სხვაა და პოლიტიკური შეფასება ღალატის არის სხვა“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის ბრალდებას, რომ ბაკურიანში შეხვედრაზე პოლიტიკოსები ქვეყნის გადატრიალების გეგმაზე მსჯელობდნენ გუშინ გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.

„ცნობილი ამერიკული ორგანიზაციის მიწვევით ჩატარებულ „ვორკშოფზე“ ბაკურიანში თურმე, ქვეყანაში ამბოხს ვამზადებდით, ამ განცხადების უკან შესაძლოა იყოს ორი მიზეზი, პირველი – ან ჰალუცინაციები აქვს კობახიძეს და საჭიროებს შესაბამის კონსულტაციებს, ან თავს იგიჟიანებს, რომ პასუხისმგებლობა მოიხსნან მან და მისმა პარტიამ ევროკავშირის კითხვარის სწრაფად და სწორად შევსებაზე, გამომდინარე პრინციპიდან „გიჟი თავისუფალია“

—————

მმართველი პარტიის ბრალდებებს გამოეხმაურა ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველები“, რომლის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე ტრენინგში მონაწილეობდა.

„ბაკურიანში გამართული შეხვედრა, ისე როგორც მანამდე გამართული არაერთი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო მოძრაობებთან თუ ოპოზიციურ პარტიებთან, ემსახურება ერთადერთ მიზანს – საქართველოში ავტორიტარიზმის დამარცხება მოხდეს დემოკრატიული პროცესით და არაძალადობრივი წინააღმდეგობით. პიტერ აკერმანი, რომელიც ამ შეხვედრაში მონაწილეობდა და საინტერესო გამოცდილება და ცოდნა გაგვიზიარა, წარმოადგენს არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრს, რომელიც არამხოლოდ იზიარებს, არამედ ავრცელებს ტირანიებისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ არაძალადობრივად ბრძოლის ფილოსოფიას.“ – ნათქვამია განცხადებაში. 

“დემოკრატიის მცველები” სამოქალაქო მოძრაობაა, რომლის მიზანია საქართველოში დემოკრატიის დაცვა, ავტორიტარიზმის შეკავება და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა.