საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაქოში, 11-13 ნოემბერს გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში (COP29) მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც Reuters-ის ინფორმაციით, თალიბანის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
თალიბანი გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული. Reuters-ის თანახმად, თალიბანის წევრები კონფერენციაზე აზერბაიჯანმა მიიწვია.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილე ლიდერებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებენ.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში კობახიძე პირისპირ შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის პრეზიდენტთან.
„დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა COP29-ის ლიდერთა სამიტზე, ასევე პანელურ დისკუსიებზე, რომლებიც სხვადასხვა თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება.
გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენცია ფოკუსირებული იქნება კლიმატის გავლენის შეფასებაზე როგორც ჰუმანიტარულ, ისე ეკონომიკურ ცხოვრებაზე. ლიდერები იმსჯელებენ იმ ქმედით ნაბიჯებზე, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს მათ შორის ემისიების შემცირებას, რის გარეშეც გლობალური დათბობის მძიმე გავლენის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება.
COP29-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.