„ზოგადად, სახელმწიფომ რომ წამოიღოს კერძო საწარმო, ეს პრინციპულად არასწორია. არ ვიცი, იმედია გამოსავალი გამოიძებნება”, – ასე გამოეხმაურა ჭიათურაში შექმნილ ვითარებას „ქართული ოცნების” პრემიერი ირაკლი კობახიძე. მან ამის შესახებ პირველი არხის ეთერში ისაუბრა.
მისივე თქმით, დაინტერესდება, თუ რაზე იყო საუბარი სამხრივი კომისიის ფორმატში.
„ზოგადად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ჩვენი თანამოქალაქის, განსაკუთრებით მშრომელი თანამოქალაქის ინტერესები.
გაკოტრებაზე აქვს შეტანილი კომპანიას სასამართლოში, გაკოტრება ნიშნავს იმას, რომ 3 000 მეტი ადამიანი რჩება სამსახურის გარეშე. რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე უარყოფითი განვითარება მოვლენების, რაც შეიძლება, წარმოვიდგინოთ.
ზოგადად, სახელმწიფომ რომ წამოიღოს კერძო საწარმო, ეს პრინციპულად არასწორია. არ ვიცი, იმედია გამოსავალი გამოიძებნება.
რა თქმა უნდა , ჩვენ ვართ მაქსიმალურად დაინტერესებული, რომ ვინც შრომობდა ამ მაღაროში, ყველას ჰქონდეს ღირსეული ანაზღაურება. რთული საკითხია, არის გლობალური პრობლემა. პროდუქციაზე ფასები არის სერიოზულად დაცემული, რის გამოც რენტაბელობა დაკარგა საწარმომ. და ამ ფონზე, რამდენიმე თვის განმავლობაში გასცემენ ხელფასებს, 60%-იან ხელფასებს, ისე რომ რეალურად მაღაროები აღარ მუშაობს, ანუ რთული ვითარებაა. რთულია, კერძო ბიზნესს მოსთხოვო, საწარმოს მუშაობის გარეშე ხელფასების გადახდა, ამას აკეთებდნენ სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, თუმცა მუდმივად ამას ვერ გააგრძელებ.
რა თქმა უნდა, დღესაც გაიმართა შეკრება, ე.წ. სამმხრივი ფორმატი, სადაც განხილულ იქნა ეს საკითხი დღეს, მე ალბათ მექნება უკვე კომუნიკაცია, დავინტერესდები რაზე იყო მსჯელობა, ვნახოთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანებმა არ დაკარგონ შემოსავალი, არ დაკარგონ სამსახური, არ გაუარესდეს სოციალური მდგომარეობა.
ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა გამოვავლინოთ, დანარჩენი დეტალებზეა დამოკიდებული”, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც 7 მარტს გახდა ცნობილი, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ”, „ჯორჯიან მანგანეზთან” შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს.
მათი თქმით, ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს აუდიტორული კომპანიის დასკვნა, რომელიც ჭიათურაში მიწისქვეშა მოპოვების ფინანსურად წამგებიანობას ოფიციალურად ადასტურებს.
მას შემდეგ ჭიათურის მოსახლეობა აქციებს მართავს. მაღაროელ ტარიელ მიქაცაძის თქმით, მათი მოთხოვნები პირობითად შეიძლება დაიყოს მოთხოვნად, რომელიც დაუყოვნებლივ საჭიროებს რეაგირებას, მეორე ნაწილი კი მიმართულია სისტემური ცვლილებისთვის.
მათი მოთხოვნებია:
- მთავრობამ ჩაანაცვლოს კომპანია;
- შეიქმნას ჭიათურის ფონდი;
- მანგანუმის მოპოვების შედეგად დაზიანებული სოფლების ადეკვატური და სამართლიანი კომპენსაცია;
- ეკოლოგიური საკითხების მოგვარება;
- უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულების სახელფასო და საბანკო ვალდებულებების მოგვარება.