კობახიძე ჩინეთსა და აშშ-ზე: ორივე არის ზესახელმწიფო, ორივესთან პარტნიორობის გაღრმავება მნიშვნელოვანია

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ჩინეთი და ამერიკა ზესახელმწიფოებია, საქართველოს პრიორიტეტია მათთან პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორობის გარღმავება.

„ჩვენი ხედვები არის მკაფიო. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა ორივე სახელმწიფოსთან – როგორც აშშ-სთან, ასევე ჩინეთთან. ორივე არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ორივე არის ზესახელმწიფო, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, შესაბამისად, ამ სტრატეგული პარტნიორობის გაღრმავება ორივე მიმართულებით ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.

აშშ-სთან გვაქვს მრავალწლიანი პარტნიორობის ისტორია, ჩინეთთან შარშან დამყარდა სტრატეგიული პარტნიორობა, თუმცა გავიმეორებ, ორივე შემთხვევაში გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და გვინდა ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება“, – განაცხადა მან.

ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ერთმანეთს შეადარა საქართველოს მიმართ ჩინეთისა და აშშ-ს დამოკიდებულება და აღნიშნა, რომ პრიორიტეტები განისაზღვრება ორმხრივად.

„რაც შეეხება პრიორიტეტებს, პრიორიტეტები არის არამხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული, ურთიერთობა არის ორმხრივი საქმე, შესაბამისაც პრიორიტეტებიც განისაზღვრება ორმხრივად.

რაც შეეხება ჩინეთის დამოკიდებულებას – ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ ინტერესს ამ ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, რაც კონკრეტულ ნაბიჯებშიცაა გამოხატული. მაგალითად, გააქტიურებულია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ეკონომიკურ პროექტებში აქტიურად არიან ჩართულნი ჩინური კომპანიები, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სათანადოდ განხორციელდეს შესაბამისი პროექტები, ასევე თქვენ იცით, რომ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ხელმოწერილი ჩინეთთან, რამაც ხელი შეუწყო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებას; გვაქვს პირდაპირი ფრენები ჩინეთთან, აღდგა ეს ფრენა კოვიდის შემდეგ ძალიან მალევე ჩინური მხარის გადაწყვეტილებით. ასევე თქვენ  ნახეთ, როდესაც პრემიერი ღარიბაშვილი იყო ჩასული ჩინეთში, უმაღლეს დონეზე მოუწვეს დახვედრა. ყველა კუთხით ჩანს ჩინეთის დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ და იმის მიმართ, რომ მათ სურთ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება.

რაც შეეხება აშშ-ს – აქ წლების მანძილზე გვქონდა გარკვეული სისუსტე გარკვეული გამოვლინება იმისა, რომ თითქოს შესუსტებული იყო სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით ინტერესი, რაც ნუ ჩვენთვის სამწუხარო განვითარება იყო. კონკრეტულ დეტალებშიც იყო ეს გამოხატული – მაგალითისთვის, უმაღლესი დონის ვიზიტები არ შემდგარა ქვეყნებს შორის უკვე არაერთი წელია, დაახლოებით, 6-7 წელი იქნება.

ეს გამოიხატება მათ შორის პროტოკოლურ საკითხებში, მაგალითად, მილოცვები რომ ავიღოთ, დაახლოებით მე-8 წელია, უმაღლეს დონეზე არც ერთ პრეზიდენტს თუ პრემიერს არ მიუღია მილოცვა აშშ-დან. არის შედარებით საშუალო დონე, რა დონეზეც იგზავნება ეს მილოცვები. სავაჭრო-ეკონომიკური კუთხითაც არ გვაქვს მაინც და მაინც კარგი ვითარება, არ გვაქვს პირდაპირი ფრენა, უვიზო მიმოსვლა. ეს ყველაფერი საჭიროებს გაუმჯობესებას.

დღეს შევხვდი აშშ-ის ელჩს. მასთან მქონდა გულწრფელი საუბარი ამ ყველაფერზე, გამოიხატა სურვილი, რომ უმჯობესია, ინტენსიური იყოს სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს შორის. ჩვენი მხრიდან არის მაქსიმუალური სურვილი, გაღრმავდეს სტრატეგიული პარტნიორობა როგორც აშშ-სთან, ისე ჩინეთთან, დანარჩენი დამოკიდებულია ქვეყნებზე“, – განაცხადა მან.