კობახიძე ჩხრეკებზე: მე ამას ვერ დავარქმევდი რეპრესიებს, ეს არის უფრო პრევენციები

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოპოზიციური პარტიების ოფისების ჩხრეკას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს რეპრესიები არ არის, „ეს არის უფრო პრევენციები”.

შეკითხვაზე, არიან თუ არა საპროტესტო აქციებზე პიროტექნიკით მომარაგებული ახალგაზრდები დაკავშირებული სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან, კობახიძე პასუხობს:

„ფაქტია, დასტურდება ერთი რამ, სისტემურად ადამიანების მომარაგება პიროტექნიკითა და სხვა საშუალებებით ხდებოდა სწორედ შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ, ეს არის აბსოლუტურად ცხადი და ეს დევს ხელის გულზე.

[…] დღეს ვნახეთ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყებები როცა შევიდნენ შესაბამის ოფისებში, პარტიულ ოფისებში, იქიდან ხდება შესაბამისი მასალების ამოღება. უფრო მეტიც, როცა დაიწყო შესაბამისი ოპერაცია, პირდაპირ გამოვიდა ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერი, მაგალითად ელენე ხოშტარია და წინასწარ თქვა, რომ ისინი ყიდულობდნენ პიროტექნიკას და კვლავაც განაგრძობდნენ პიროტექნიკის შეძენას. ამით რეალურად ამ პოლიტიკურმა პარტიებმა აღიარეს პირდაპირ, რომ ამ სისტემური უხეში ძალადობის უკან დგას მთლიანად პარტიული რესურსი.

ცნობილი ჯგუფი არსებობს – „დაიტოვე“, ვითომ გულწრფელი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ჯგუფი, ამ ჯგუფის ე.წ. ადმინი აღმოჩნდა სტაჟიანი „ნაციონალი“, რომელიც სააკაშვილს სტუმრობდა თავის დროზე უკრაინაში და ა.შ. არაფერი გულწრფელობა არ არის აქ, არის პარტიული ინტერესები, ძალადობის გზით ხელისუფლების შეცვლის ინტერესი და ეს ყველაფერი დევს დღეს უკვე ხელის გულზე“, – განაცხადა კობახიძემ.


დღეს ოპოზიციური პარტიების „კოალიცია ცვლილებებისთვის“, ენმ-ისა და „გირჩი-დროას“ ოფისებში პოლიცია ჩხრეკის მიზნით შევიდა.

პარტია „ახალის” ლიდერი ნიკა გვარამია და „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის” წევრი გელა ხასაია „გირჩი-დროას“ ოფისთან პოლიციამ დააკავა. გვარამია პოლიციისგან მოითხოვდა, მიეცათ მისთვის უფლება, ოფისში შესულიყო და ჩხრეკას დასწრებოდა.

ასევე, პოლიცია შევიდა ჯგუფ „დაიტოვეს” დამფუძნებლების ილია ღლონტისა და ნენსი ვოლანდის საცხოვრებელ სახლებში.