კობახიძე: ჩვენ გვაქვს პარტნიორობის არაჩვეულებრივი დონე, თუმცა არსებობს სივრცე ურთიერთობის გაღრმავებისთვის

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს აზერბაიჯანში შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს სტრატეგიული ურთიერთობა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა. ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის არაერთ, მათ შორის, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროში გაღრმავების პერსპექტივაზე.

„ჩვენ გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი, სტრატეგიული პროექტი, რაც ეკონომიკური კუთხითაც სტრატეგიულად აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას. არის მასშტაბური, მეგა პროექტები, რომლებიც უკვე განხორციელდა და არის მნიშვნელოვანი გეგმები ამ მიმართულებით. ჩვენ დღეს საუბრის დროს შევეხეთ სხვადასხვა პროექტს, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება განხორციელდეს და ყველა მიმართულებით არის თანამშრომლობის განვითარების სერიოზული პერსპექტივა. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი, მაღალი დონის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. აზერბაიჯანი არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში, მოცულობის თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება“, – განაცხადა პრემიერმა კობახიძემ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა, რომ ტრანსპორტირების სფეროში თანამშრომლობისთვის დამატებითი ნაბიჯები გადაიდგმება.

„ტრანსპორტირების სფეროში ახალი ინფრასტრუქტურული ინიციატივები იქნება გარდაუვალი ბევრი ქვეყნის დაკავშირებადობის უნარისთვის, განსაკუთრებით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საშუალებით და მისი გავრცობის საშუალებით. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა. ჩვენ გავზარდეთ მისი წარმადობა 1-დან 5 მლრდ ტონამდე. ეს პროექტი ორ თვეში დასრულდება.  როგორც ვახსენე, ამ რკინიგზის ოპერირება იქნება ბევრი ქვეყნისთვის მიმზიდველი და საინტერესო. ამ თვიდან დაწყებული ჩვენ შეხვედრები გვექნება სამხრეთის ბუნებრივი აირის საკონსულტაციო ჯგუფებთან და საქართველოს მაღალი დონის დელეგაციები იქნებიან ჩართული ამ პროცესში. ყველა მონაწილე ხედავს, რომ აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი არიან ამ პროექტების ინიციატორები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე საქართველოს გავლით“, – განაცხადა ალიევმა.

მასალას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.