კობახიძე: ჩვენი მხრიდან საუბარი იყო, რომ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ეხმაურება ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწისა და მაკა ბოჭორიშვილის მოადგილის, ლაშა დარსალიას შეხვედრას და ამბობს, რომ ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლების სურვილი.

„ჩვენი მხრიდან საუბარი იყო იმავეზე, რაზეც საჯაროდ ვსაუბრობთ, ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით. ეს არის ჩვენი ღიად გაწვდილი ხელი.

ველოდებით მოთმინებით საპასუხო რეაქციას და იმედი მაქვს, რომ ეს საპასუხო რეაქცია იქნება ამერიკული მხარისგან. ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები“, – თქვა კობახიძემ.

3 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ბრენდან ჰანრაჰანი „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას შეხვდა.

„ქართული ოცნების“ საგარეო უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

ასევე, „განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები“.

„ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობას და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას.

ამერიკულმა მხარემ დაადასტურა უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული იყო ბრენდან ჰანრაჰანსა და ლაშა დარსალიას შორის დაგეგმილი შეხვედრის ანონსი, თუმცა ჯერჯერობით სახელმწიფო დეპარტამენტს შეხვედრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.