პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ „ვეტინგის” შესახებ მთავრობის პოზიცია მკაფიოა – მისი თქმით, ის არა მხოლოდ ფორმალურად ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას, არამედ „კონსტიტუციის სულისკვეთებასაც”.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ გვქონდა საუბარი თითოეულ პუნქტზე, მათ შორის, სასამართლოსთან დაკავშირებით. „ვეტინგის” შესახებ ჩვენი პოზიცია არის გამოკვეთილი. „ვეტინგი” ეწინააღმდეგება თავისი არსით, არა მხოლოდ ფორმალურად, საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის სულისკვეთებას, მათ შორის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპს.
მით უმეტეს, რომ არ არსებობს საფუძველი ასეთი პროცესების განვითარებისთვის ჩვენს ქვეყანაში. არ არსებობს არგუმენტები, არ არსებობს ფაქტები, შესაბამისად, ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის მკაფიო. „ვეტინგი” არის ჩვენთვის მიუღებელი სამართლებრივი და არა მხოლოდ სამართლებრივი, პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე”, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ ამაზე აქამდეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია, რომელიც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმებას გულისხმობს, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მან აღნიშნა, რომ „კანონის საფუძველზე იქმნება არაფორმალური ჯგუფი, მათ შორის, უცხოელების მონაწილეობითაც, რომლებიც მოსამართლეებს გადახედავენ”.
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციის თანახმად, რომელიც 8 ნოემბერს გამოქვეყნდა, საქართველომ უნდა შეიტანოს ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რათა ის სრულად შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
კერძოდ: საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით დანერგოს კეთილსინდისერების შეფასების ექსტრაორდინალური მექანიზმი ყველა იმ კანდიდატისთვის, რომლებიც სასამართლო სისტემის, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი სასამართლოს და სხვა სასამართლოების მაღალი თანამდებობის დასაკავებელ კონკურსებში მონაწილეობენ. გარდა ამისა, ჩამოაყალიბოს ქონებრივი დეკლარაციების მუდმივი და პერიოდული სისტემა, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით საზედამხედველო და საკონსულტაციო ფუნქციაში.
იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, ე.წ ვეთინგს, ანუ კეთილსინდისერების შესამოწმებლად მოსამართლეთა კორპუსის ხელახლა შეფასებას მიმართეს, არიან: უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი.