კობახიძე: ცურვასთან და ვარჯიშთან კავშირი არ ჰქონდა იმას, რომ არ ვესწრებოდი ღონისძიებას

პუბლიკა

„26 მაისს არ შეიძლება ვარჯიში? სპეკულაციაა ამაზე საუბარი“ – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ არ ესწრებოდა 26 მაისის ღონისძიებას და განმარტავს, რომ ამ ღონისძიებაზე „წინა პლანზე უნდა იყვნენ კონსტიტუციური თანამდებობის პირები და არა პარტიული თანამდებობის პირები“.

ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტო- და ვიდეომასალას ხელოვნურ აჟიოტაჟს უწოდებს და ამ ყველაფერს „ნაცმოძრაობას“ უკავშირებს.

26 მაისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო- და ვიდეომასალა, რომელშიც ირაკლი კობახიძე სპორტდარბაზსა და აუზზეა აღბეჭდილი.

„მინდა, ამ მაგალითზე ვაჩვენო კიდევ ერთხელ „ნაცმოძრაობის“ სახე, რეალურად, სხვის პირად ცხოვრებაში, სივრცეში შეჭრა არის მათი ხელწერა. ეს ყველამ კარგად იცის მათი წარსულიდან, 2012 წლამდე. რაც შეეხება ამ შემთხვევას, საინტერესო დეტალი ის არის, რომ პირადად ელენე ხოშტარიას დედამ გადაიღო ეს ფოტოები. ეს ყველაფერი აჩვენებს მათ სახეს.

ცურვასთან და ვარჯიშთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა იმას, რომ მე არ ვესწრებოდი ამ ღონისძიებას. ეს არ არის პარტიული ღონისძიება, ეს არის ღონისძიება, სადაც წინა პლანზე არიან კონსტიტუციური თანამდებობის პირები, შესაბამისად, სპეკულაციაა იმაზე საუბარი, თითქოს ცურვასთან და ვარჯიშთან რაიმე კავშირი ჰქონდა ჩემს არ დასწრებას. […] რაც შეეხება ცურვას და ვარჯიშს, ეს არის თანაბრად, როგორც ჩემი უფლება, ასევე ხოშტარიას დედის უფლება. სხვას რომ უსამშობლოს დაუძახებს, აქ არაფერი საინტერესო არ არის. ყველამ ვიცით, რომ „ნაციონალები“ არიან უსამშობლოები, ისინი არიან ბოლშევიკები და მტრობენ ქართულ სახელმწიფოს“, – ამბობს კობახიძე, რომლის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.