კობახიძე: კარგი იქნება, თუ EU გაემიჯნება ევროპარლამენტის უსამართლო გადაწყვეტილებებს

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ევროკავშირის ახალ ანგარიშთან დაკავშირებით თქვა, რომ „ძალიან კარგი იქნება, თუ ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები გაემიჯნებიან ევროპარლამენტს ასეთ უსამართლო გადაწყვეტილებებში“. აღნიშნული ანგარიში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ეხება.

კობახიძის თქმით, მსგავსი ნაბიჯი დადებითად აისახება საზოგადოების აღქმასა და ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერის შენარჩუნებაზე.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისათვის, მაგრამ ამაში ხელს გვიშლის ევროპარლამენტი. ჩვენი მოწოდება, ამ შემთხვევაში შევატრიალებ მოწოდებას, დაგვეხმარონ, რომ  დავეხმაროთ. თუ ევროპარლამენტი არ დაგვეხმარება, ჩვენ გაგვიჭირდება მათი  დახმარება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ საზოგადოების მხარდაჭერა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ. დღეს ეს მაჩვენებელი არის დაახლოებით 85% და ვიღაცები ცდილობენ, რომ ხელოვნურად დაწიონ ეს მაჩვენებელი, ამას აკეთებენ ევროპარლამენტში“, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან შეხვედრისას მის პოზიციას და აღნიშნა, რომ 2022 წელს ევროპარლამენტში განვითარებული პროცესები „არ იყო ჯანსაღი“. მისი თქმით, აღნიშნული შეწყდა, თუმცა, კობახიძის შეფასებით, ევროპარლამენტის ახალი ჩანაწერი 2022 წლის პროცესების გამეორებას ნიშნავს.

„არ შეიძლება კონკრეტულმა ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა გაცვითონ ევროკავშირის, ევროპარლამენტის აღქმა ჩვენს ქვეყანაში, ქართულ საზოგადოებაში ევროპარლამენტი უნდა აღიქმებოდეს, როგორც სამართლიანი სტრუქტურა. როდესაც უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღება ევროპარლამენტის მხრიდან, ასეთი რამ, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება საზოგადოების აღქმაზე“, – აღნიშნა კობახიძემ.


ანა ფოტიგას ცნობით, გუშინ ევროპარლამენტში მიიღეს ორი ანგარიში, სადაც მისი მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს შესახებ შესწორებები შევიდა. კერძოდ, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის აღსრულების შესახებ დევიდ მაკალისტერის ანგარიშში შესწორება მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ეხება.

„[რეზოლუცია] იმეორებს მოწოდებას ჰუმანიტარულ საფუძვლებზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით და მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ მის შესაწყალებლად კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს, ეს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას შეუწყობს ხელს”, – აღნიშნულია დოკუმენტში.