კობახიძე: დასავლელი პარტნიორების რეპუტაციის დასაცავად ვსაუბრობდით გლობალური ომის პარტიაზე

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, სადაც წლიური მოხსენებით წარსდგა, კიდევ ერთხელ ილაპარაკა „გლობალური ომის პარტიაზე”.

მისი თქმით, „მმართველი გუნდი საუბრობდა „გლობალური ომის პარტიაზე”, რათა დაეცვათ დასავლელი პარტნიორების რეპუტაცია და თავიდან აეცილებინათ მათზე დარტყმა”.

„გლობალური ომის პარტია” მმართველი პარტიის კონსპირაციაა. ხელისუფლების წევრები ხშირად ავრცელებენ დაუსაბუთებელ მოსაზრებებს, რომ სწორედ „გლობალური ომის პარტიას” სურს, საქართველო ომში ჩაითრიოს.

„ქართულ ოცნებას” არასდროს დაუკონკრეტებია, ვინ არის „გლობალური ომის პარტიის” წარმომადგენელი, თუმცა, კობახიძემ არაერთხელ თქვა, „მასთან ბრძოლა ძალიან რთულია და ამასთან, ამას ალტერნატივა არ აქვს”.

დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

„კონკრეტული უსამართლო განცხადებები კეთდებოდა ევროპული და ამერიკული ინსტიტუტების სახელით. ამას აკეთებდნენ ევროპარლამენტარები, სენატორები, კონგრესმენები, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

იმისთვის, რომ ჩვენ თავიდან აგვერიდებინა დასავლური ინსტიტუტების რეპუტაციის დაზიანება ქართული საზოგადოების თვალში, ჩვენ ვსაუბრობდით გლობალური ომის პარტიაზე. რაც სიმართლეც არის, ყველაფერთან ერთად. ერთი, რომ ეს გვაძლევდა დასავლურ ინსტიტუტებზე დარტყმის თავიდან აცილების საშუალებას და მეორე, სიმართლეც ეს არის.

სინამდვილეში, ყველა ეს ნაბიჯი იდგმებოდა არა ამერიკული და ევროპული ინსტიტუტების მხრიდან, არამედ ე.წ გლობალური ომის პარტიის მხრიდან, რომელსაც, სამწუხაროდ, აქვს სერიოზული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე როგორც ერთი, ისე – მეორე მიმართულებით.

იმისთვის, რომ საზოგადოებას არ შეჰქმნოდა არასწორი წარმოდგენა, რომ ჩვენ გვერჩის ევროკავშირი ან აშშ, ჩვენ ვსაუბრობდით გლობალური ომის პარტიაზე. სინამდვილეში სიმართლე არის სხვაგან, არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს არსებითი გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე ერთი და მეორე მიმართულებით, აშშ-საც და ევროკავშირსაც სჭირდება დეოლიგარქიზაცია და მე იმედი მაქვს, რომ პროცესები ამ მიმართულებით წარიმართება, შესაბამისად, შემცირდება ზეწოლა საქართველოზე. შესაბამისად, თუ ვინმე ეწეოდა ანტიდასავლურ დეზინფორმაციას, ეს იყო სწორედ ოპოზიცია”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

მანამდე პრემიერ-მინისტრს ნათქვამი აქვს, რომ „გლობალური ომის პარტიის სახით, საქმე გვაქვს უაღრესად საშიშ ძალასთან, რომელიც საქართველოში არეულობის შემოსატანად ყველაფერზეა წამსვლელი”.