„ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს გახდა უბრალოდ მოქალაქე ზურაბიშვილი და ის „არავითარი კუთხით აღარ არის ის საინტერესო“. ეს განცხადება მან პარლამენტში მას შემდეგ გააკეთა, რაც „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ფიცი დადო.
14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის არჩევნებში, რომელშიც მხოლოდ მიხეილ ყაველაშვილი მონაწილეობდა, გამარჯვებულად მიხეილ ყაველაშვილი გამოცხადდა.
„მოქალაქე ზურაბიშვილი აღარ არის არავითარი თვალსაზრისით საინტერესო, მანამდეც ის იყო რეალურად ფაქტობრივად ნაცმოძრაობის პრეზიდენტი და არა საქართველოს პრეზიდენტი. დღეს ის გახდა უბრალოდ მოქალაქე ზურაბიშვილი, არავითარი კუთხით აღარ არის ის საინტერესო“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
დღეს დილიდან მოქალაქეები შეკრებილები იყვნენ ორბელიანების სასახლესთან. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ტოვებს პრეზიდენტის სასახლეს და იქნება ხალხთან ერთად. მისივე თქმით, 31 დეკემბერს მოქალაქეებთან ერთად იქნება რუსთაველის გამზირზე.
ზურაბიშვილმა თქვა, რომ რჩება ორი მთავარი მოთხვნა – დაკავებულების გათავისუფლება და ახალი, თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნები.
„ამ კონკრეტული არჩევნებისთვის პირობების შექმნაზე და დეტალურად ამის დადებაზე, ვიმუშავებ მე ყველასთან ერთად, ვინც ამ საქმეში იყო და არის ჩართული იმისთვის, რომ ძალიან მალე, რამდენიმე დღეში დავდოთ დოკუმენტი და იყოს ეს ჩვენი არჩევნების მოთხოვნასთან ერთად. ეს არაა ლოზუნგი, რომ ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს, არც რიტორიკული განცხადება, ესაა რეალური მოთხოვნა, ამიტომ უნდა იყოს რეალურად დაფუძნებული თავის პირობებზე.
ეს არჩევნები ჩატარდება, სხვა გზა არაა, ესაა კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, პარტიები უნდა იყვნენ მზად, ახალი ძალები, რომლებიც პროტესტის დროს გამოიკვეთა, უნდა იყვნენ მზად. ვინც აპირებს, რომ ამ ქვეყნის ხვალინდელ პოლიტიკაში იყვნენ, თქვენი ჯერია და მოემზადეთ, იმიტომ რომ ეს ძალიან მალე მოვა და ამაში მეც დაგეხმარებით”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა