„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტებს დაამტკიცებენ.
„დღეს, საქართველოს მთავრობა ამტკიცებს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტებს, ეს კვოტები პირველად, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, დაეფუძნება შრომის ბაზრის სიღრმისეულ ანალიზს, რომელიც განხორციელდა ეკონომიკის სამინისტროს მიერ, განათლების სამინისტროსთან ერთად“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, გარდა ამისა, კვოტები განისაზღვრება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი – ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად.
„ხაზს გავუსვამ ამ რეფორმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შედეგს, რომელიც ამ კვოტებშიც არის ასახული -თსუ-ს ამ რეფორმის შედეგად, დაუბრუნდება დედა უნივერსიტეტის მისია და სტატუის, ის სტატუსი და მისია, რომელიც მან 90-იანი წლების პერიოდში განვითარებული მოვლენების შედეგად დაკარგა და უფრო მოგვიანებით, 2004-2012 წლებში, წინა ხელისუფლების მიზანმიმართული, მავნებლური ანტი-ეროვნული პოლიტიკის შედეგად დაკარგა. თსუ-ს უნდა დაუბრუნდეს დედა უნივერსიტეტის სტატუსი, შესაბამისი მისია და ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იმ რეფორმის რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, არის, სწორედ, ეს“,- ამბობს ირაკლი კობახიძე.
კობახიძე ამბობს, რომ ამ ყველაფერზე დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას წარუდგენს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, რომელიც დღეს გამართავს ბრიფინგს ამ თემასთან დაკავშირებით.
ამ ეტაპზე უცნობია, ზუსტად როგორ შეიცვლება უნივერსიტეტებში სტუდენტთა მისაღები საერთო რაოდენობა. თუმცა უკვე დადასტურებულია, რომ 2026 წლის თებერვლიდან საჯარო უნივერსიტეტებს მიღებაზე კვოტები დაუწესდებათ.
როგორც ჯერ კიდევ რეფორმის დაანონსებისას ითქვა, ეს კვოტები შრომის ბაზრის კვლევის შედეგებზე იქნება დაფუძნებული და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს, რამდენ სტუდენტს მიიღებს თითოეული უნივერსიტეტი.
გამოცხადებულია, რომ ქვეყანაში სტუდენტების საერთო რაოდენობა უნდა შემცირდეს 150 ათასიდან 110 ათასამდე. უცნობია, კონკრეტულად რომელი მონაცემია გამოყენებული „150 ათასის“ საფუძვლად.
მკვლევრები მიიჩნევენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შეზღუდავს უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობას – სტუდენტთა მისაღები კონტინგენტი დიდი ალბათობით შემცირდება.