კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე „ქართული ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2018 წლის რედაქციის მიღების შემდეგ, გასული 7 წლის განმავლობაში კონსტიტუციაში არც ერთი ცვლილება არ შესულა. მისივე თქმით, „ოცნებას“ „კონსტიტუციაში შესწორების შეტანის, კონსტიტუციის თავზე მორგების არც ერთი მცდელობა არ ჰქონია“.
„ამ პერიოდში ჩვენი, მმართველი გუნდის მხრიდან არ ყოფილა კონსტიტუციაში შესწორების შეტანის არცერთი მცდელობა, კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგების არცერთი მცდელობა. თუმცა გავიხსენებ იმასაც, რომ ჩვენს ოპონენტებს ამ წლების განმავლობაში ჰქონდათ კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგების არაერთი მცდელობა“, – თქვა კობახიძემ.
ამ კონტექსტში მან გაიხსენა 19 აპრილის შეთანხმება, ე.წ. მიშელის დოკუმენტი და განაცხადა:
„შემიძლია გავიხსენო კონკრეტულად ის მოლაპარაკებები, რომლებიც უკავშირდებოდა 19 აპრილის შეთანხმების გაფორმებას. მაშინ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რაც იყო დაყენებული, იყო კონსტიტუციაში სხვადასხვა შესწორების შეტანა. ამასთან დაკავშირებით მე პირადად განვუმარტე კოლეგებს, რომ კონსტიტუციის გადასინჯვა, კონსტიტუციის თანახმად, იყო დაკავშირებული ძალიან რთულ პროცედურასთან. ეს ითვალისწინებდა ინიცირების რთულ პროცედურას, შემდეგ საყოველთაო-სახალხო განხილვას, საზოგადოების მთლიანად ჩართულობას ამ პროცესში და ა.შ. ძალიან მაღალი კვორუმით, რთული პროცედურის საფუძველზე, პარლამენტის მიერ მის მიღებას.
ეს გართულებული პროცედურა გამოხატავს დამოკიდებულებასაც კონსტიტუციის მიმართ. ასეთ პირობებში ჩვენთვის მიუღებელი იყო პოლიტიკურ შეთანხმებაში კონსტიტუციურ ცვლილებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ჩანაწერის შეტანა. ეს განვუმარტეთ კონკრეტულ ოპონენტებს, თუმცა მათგან მივიღეთ უხეში პასუხი. მაშინდელი ამერიკის და ევროკავშირის ელჩების მხრიდან ამაზე მივიღეთ ძალიან უხეში პასუხი.
მაშინ ძალიან კარგად გავიაზრეთ, რომ მათთვის კონსტიტუციის შეურაცხყოფა იყო მიზანი, როგორც ასეთი. მადლობა ღმერთს, ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და არავის მივეცით ამ 7 წლის განმავლობაში კონსტიტუციის შეურაცხყოფის საშუალება. ეს, რა თქმა უნდა, ასე უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა კობახიძემ.
„არ ყოფილა კონსტიტუციაში შესწორების შეტანის არც ერთი მცდელობა“
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების დაპირება „ქართული ოცნების“ კამპანიის ერთ-ერთი წამყვანი ხაზი იყო.
პარლამენტში დაინიციირებული იყო ე.წ. ოჯახური ღირებულებების შესახებ კონსტიტუციური კანონის პროექტი.
„ოცნება“ ამომრჩეველს ჰპირდებოდა, რომ თუ არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებდა, ქვეყნის მთავარ კანონში ე.წ. ოჯახური ღირებულებები გაიწერებოდა.
„ოცნებამ“ რეგიონებში საერთო სახალხო განხილვებიც ჩაატარა.
ასევე, 2024 წლის 20 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში „ოცნება“ წერდა, რომ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა „გარე ძალებმა მათ ვერ შეუშალონ ხელი „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელ საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებაში”.
გარდა ამისა, „ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებითაც იმუქრებოდა.
2024 წლის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოიპოვა. პარლამენტში 113 მხარდამჭერის გარეშე კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა შეუძლებელია.
„ოცნებამ“ კანონის სახით მიიღო ე.წ. ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი და ცვლილება შეიტანა პარტიებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს კანონებში იმგვარად, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, აკრძალოს პარტია, რომელიც აკრძალული პარტიის იდენტური იქნება მისი შემადგენლობით, იდეოლოგიითა და სხვა.
რა ეწერა 19 აპრილის შეთანხმებაში
ე.წ. მიშელის შეთანხმების სახელით ცნობილ დოკუმენტით „ქართული ოცნება“ და ოპოზიიცია კრიზისიდან გამოსასვლელად რამდენიმე ძირეულ ცვლილებაზე შეთანხმდა.
შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი იყო საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერის შემცირება.
დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით, 0-დან 2%-მდე ბარიერით უნდა ჩატარებულიყო.
შეთანხმებით განსაზღვრული პირობები კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში უნდა ასახულიყო, ამიტომ საჭირო იყო საკონსტიტუციო უმრავლესობის – 113 დეპუტატის მხარდაჭერა.
გარდა ამისა, კონსტიტუციური კანონის პროექტი ითვალისწინებდა გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებასაც.
შეთანხმების მიხედვით, მომდევნო ორ პარლამენტში პროკურორის ასარჩევად სრული კონსესუსი იყო საჭირო, რაც დეპუტატთა 3/5-ის (კვალიფიციური უმრავლესობის) მხარდაჭერას ითვალისწინებდა.
„ქართულმა ოცნებამ“ მიშელის შეთანხმებას თავდაპირველად ხელი მოაწერა, შეთანხმებული საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა და პარლამენტში განხილვაც დაიწყო, თუმცა საბოლოოდ პარტიამ შეთანხმება დატოვა და დოკუმენტით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილი აღარ მიიღო.
„ოცნებამ“ დროთა განმავლობაში გააუქმა ის ცვლილებებიც, რომლებიც უკვე მიღებული იყო, მათ შორის, გენერალური პროკურორის, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი და სხვა.