კობახიძე: ერთია გამოხატვის თავისუფლება და მეორეა კონსტიტუციური წესრიგი. იმედია, პარლამენტი ბოლომდე მიიყვანს კანონპროექტს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების კრიმინალიზების ინიციატივასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ იმედი აქვს, პარლამენტი ამ ინიციატივას ბოლომდე მიიყვანს.

„ზოგადად, კონსტიტუციური წესრიგი უნდა იყოს დაცული, ეს არის ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს ამოსავალი წერტილი. დემოკრატია ყველამ უნდა აღიაროს. კონსტიტუციური პრინცპები და კონსტიტუციური წყობილება ყველამ უნდა აღიაროს. თუ არის ამ კუთხით პრობლემები, რა თქმა უნდა, ეს უნდა დაარეგულიროს კანონმდებლობამ. მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დროული ინიციატივა და იმედი მაქვს, პარლამენტი ბოლომდე მიიყვანს კანონპროექტის მიღებას.

[სიტყვის თავისუფლების] ზღვარი უნდა იყოს დაცული და ამას სჭირდება სამართლებრივი შეფასება. ჩემი სამართლებრივი შეფასებით, აქ ზღვარი არის სათანადოდ დაცული. ერთია გამოხატვის თავისუფლება და მეორეა კონსტიტუციური წესრიგი, რაც არის უზენაესი ინტერესი. ქვეყანა მშვიდად ვერ განვითარდება, თუ მუდმივად იქნება საბოტაჟის რეჟიმში. ყველამ უნდა სცეს პატივი იმ წესრიგს, რომელიც არის ჩამოყალიბებული.

ვხედავთ, რომ რეალურად, ამ კონსტიტუციურ სისტემას, კონსტიტუციურ ორგანოებს ყველა აღიარებს, უბრალოდ არის მუდმივი საპირისპირო გზავნილები, იმისთვის, რომ სცადონ, ბოლომდე არ დამშვიდდეს ეს ქვეყანა. ჩვენ გვაქვს საპირისპირო ინტერესი, ჩვენს საზოგადოებას აქვს საპირისპირო ინტერესი, რომ დამშვიდდეს ქვეყანა, ყველამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ სისტემას… ამ პრინციპებს ეფუძნება კანონპროექტი, რომელიც დაინიციირდა“, – განაცხადა კობახიძემ.

3 თებერვალს „გრანტების კანონში“ ცვლილებების განხილვისას „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა წამოაყენა ინიციატივა – რასაც დაეთანხმა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე – რომ იფიქრონ „რამე ტიპის სანქციებზე იმ პოლიტიკური ჯგუფების თუ აქტივისტების მიმართ, რომლებიც [„არ ცნობენ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაციას, ქმნის პარალელურ სტრუქტურებს, ბოიკოტს უცხადებს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, ხელს უშლის პოლიციის მუშაობას, ამტკიცებს, რომ ქვეყანა ოკუპანტი ძალისგან იმართება და სხვებსაც მოუწოდებს ანალოგიური ქმედებებისკენ“] ანალოგიურ ქმედებებს ჩადიან“.

ამაზე გორდულაძემ თქვა, რომ მას მართებულად მიაჩნია, პასუხისმგებლობა დაწესდეს, „როდესაც პირები საჯაროდ მოუწოდებენ სხვებს, რომ არ სცნონ ლეგიტიმაცია კონსტიტუციური ორგანოებისა, მოუწოდებენ სხვებს, რომ არ დაემორჩილონ საქართველოს კანონმდებლობას, ამავდროულად აცხადებენ და სხვებსაც მოუწოდებენ, რომ ჩაერთონ კამპანიაში, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება არის ქართველი ხალხის მიერ არჩეული და არა რომელიმე სხვა ქვეყნისგან თუ ძალისგან მართული“.