პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით.
ეს კომენტარი კობახიძემ ბაქოში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
ირაკლი კობახიძის თქმით, არჩევნების გაყალბებაზე უარგუმენტო საუბრით ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია და თავისი ხელით აკეთებს იმ საქმეს, რაც „ოცნებას“ უნდა გაეკეთებინა.
„ისინი თავის ხელით აკეთებენ იმ საქმეს, რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა. ამ ოპოზიციით ქვეყანა არ შეიძლება დიდხანს აგრძელებდეს პოლიტიკურ ცხოვრებას. ეს ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით და რეალურად აქეთკენ მიჰყავთ საკუთარი ხელით პროცესები“, – განაცხადა პრემიერმა.
კობახიძე ამბობს, რომ როცა შეჯამდება არჩევნების შედეგები, პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება მე-10 დღეს, რის შემდეგაც დაიწყება საპარლამენტო ცხოვრება. მისივე თქმით, სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში გაიმართება პრეზიდენტის არჩევნები, შემდეგ კი შედგება ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაც.
„ჩვეულებრივად, მშვიდად, წყნარად გრძელდება პროცესები, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში, რის დადგმასაც ცდილობს ოპოზიცია“, – ამბობს კობახიძე.
11 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია ცდილობს, წავიდეს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. მისი თქმით, თუ ოპოზიცია გააგრძელებს ამგვარ ქმედებას, შესაძლოა, მათ არაკონსტიტუციურად ცნობაზე სასამართლოში საკონსტიტუციო სარჩელის შეტანა განიხილონ.
კობახიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია „დასუსტებულია და შეიძლება, ასეთი ზომის მიღება საჭირო აღარ გახდეს“.