კობახიძე: ეს სპეკულაციები აბსოლუტურად არასერიოზულია

პუბლიკა

„ეს სპეკულაციები აბსოლუტურად არასერიოზულია“, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შეკითხვას, რომელიც თურქმენეთში, მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინთან ერთად დასწრებას შეეხებოდა.

კობახიძის თქმით, აღნიშნულ თემაზე „სიღრმისეული კომენტარის გაკეთება არ ღირს“.

„ეს სპეკულაციები აბსოლუტურად არასერიოზულია და მეტყველებს საერთო არასერიოზულობაზე, რომელიც დღეს ოპოზიციაში და მათთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში სუფევს. აქ სიღრმისეული კომენტარის გაკეთება არ ღირს“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.


თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი გაიმართა.

ფორუმში „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძეც მონაწილეობდა. ის აშხაბადში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და „ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

ფორუმს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი, მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც დაესწრო. მედიაში გავრცელდა ფორუმზე გადაღებული ჯგუფური ფოტოები და ვიდეოები.