ირაკლი კობახიძე ესტონეთის პარლამენტის განცხადებას საქართველოს შესახებ „ცალსახად ანტიქართულს“ უწოდებს.
ესტონეთის პარლამენტმა 22 იანვარს მხარი დაუჭირა განცხადებას, რომლითაც ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარებულია სალომე ზურაბიშვილი; გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიული ძალების მიმართ, რომლებიც მოითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, დაგმობილია მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ რეპრესიები და გაკეთებულია მოწოდება პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ.
ირაკლი კობახიძის თქმით, ამ განცხადებით ესტონეთმა „ქართველი ხალხის მიმართ უპატივცემულობა გამოხატა“. „ქართული ოცნების“ პრემიერმა ამავე კონტექსტში ახსენა კონსპირაცია Deep State და თქვა, რომ ესტონეთზე მას ძალიან დიდი გავლენა აქვს.
„იმ პირობებში, როდესაც Deep State-ზე არის წნეხი ამერიკის შეერთებულ შტატებში, Deep State არის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებული ევროპაში. თქვენ იცით, რომ განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებში არის Deep State-ის გავლენა ძალიან სერიოზული, ეს აისახება, რა თქმა უნდა, ესტონეთზეც. ჩვენ ესტონეთთან ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში.
ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ. რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები არის მიუღებელი, ეს არის ცალსახად ანტიქართული განცხადება, რაც გამოხატავს უპატივცემულობას ქართველი ხალხის ნების მიმართ, თუმცა ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ესტონეთთან, გამომდინარე ისტორიული მეგობრობიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული ქართველ და ესტონელ ხალხებს შორის“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.