პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრების განცხადებას საქართველოზე არავითარი ფასი არ აქვს.
გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, ბელგია, დანია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, პორტუგალია, ფინეთი, შვედეთი და ჩეხეთი აცხადებენ, რომ საქართველო ვერ შეძლებს, გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს.
„ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სცენაზე ავიდა, შეუერთდა რევოლუციურ პროცესს, მაგრამ ეს პროცესი ჩავარდა, ამ ფონზე არავითარ ასეთ განცხადებას, რა თქმა უნდა, ფასი არ აქვს. […] ამ განცხადებას არავითარი ფასი არ აქვს“, – თქვა კობახიძემ.
მისივე თქმით, მოლდოვამ ვერავითარი დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა 20 ოქტომბერს გამართული არჩევნებით და განცხადებების გაკეთება თუ სადმეა საჭირო, საჭიროა მოლდოვასთან დაკავშირებით.
კობახიძემ ისევ გაიმეორა, რომ როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება და არჩევნები გადაივლის, „მაშინვე აღდგება სამართლიანობა“.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, „სწორედ ასე გადაწყვიტა 2024 წლის 27 ივნისს ევროპულმა საბჭომ, რომელიც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებისაგან შედგება“.
მათივე განმარტებით, საქართველო ვერ შეძლებს, გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს. მინისტრები აღნიშნავენ, რომ „ამ მკაფიო გადაწყვეტილების ოდნავადაც კი შერბილებულად ან სხვაგვარად ინტერპრეტაცია ან ბოდვაა ან უბრალოდ სიცრუეა“. განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია, ასევე, „ქართული ოცნების“ დეზინფორმაციულ კამპანიაზეც.