კობახიძე EU-ს ელჩზე: სამწუხაროა, როდესაც ელჩი ცდილობს, გააღვივოს რადიკალიზმი, პოლარიზაცია

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრემიერი საქართველოში ევროკავშირის ელჩს რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებაში ადანაშაულებს:

„ეს ადამიანი, სამწუხაროდ, პირდაპირ ჩართეს რადიკალიზმის გაღვივებაში, პოლარიზაციის გაღვივებაში, ეს არის ძალიან სამწუხარო. ევროპული ბიუროკრატიის უარყოფითი სახე ჩანს ასეთ შემთხვევაშიც. ძალიან სამწუხაროა, ხომ, როდესაც პირდაპირ ცდილობს კონკრეტული ელჩი, განსაკუთრებით ევროკავშირის ელჩი, გააღვივოს რადიკალიზმი, პოლარიზაცია ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ძალიან სამწუხარო და ძალიან დასანანი. ამაზე მეტ კომენტარს მე არ გავაკეთებდი, უბრალოდ არ ვთვლი ამას საჭიროდ“.

მოგვიანებით მან თქვა, რომ ევროკავშირის პრესსპიკერმა „პირდაპირ მხარდაჭერა გამოუცხადა 4 ოქტომბრის აქციას, სადაც საუბარია დამხობაზე, ამაზე მეტი რადიკალიზმის მხარდაჭერა რა უნდა წარმოიდგინოს ადამიანმა“.

სავარაუდოდ, კობახიძე გულისხმობდა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერის, ანიტა ჰიპერის კომენტარს, რომელმაც „ფორმულას“ ცნობით, მათ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა:

„ქართველ ხალხს, ისევე როგორც ყველას აქვს დემონსტრაციის მშვიდობიანად მოწყობის უფლება, რომ გააგებინოს თავისი ხმა, ეს არის ნებისმიერი დემოკრატიის ბირთვი. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომელიც გაბედულად და მშვიდობიანად გამოდის ქუჩებში, აწყობს დემონსტრაციებს ევროპული ღირებულებებისთვის, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის. ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიას, აყვავებას. ჩვენი გზავნილია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ უფლება მისცეს დემონსტრაციის, არ შეუშინდეს თავისუფალი მოქალაქეების პლურალიზმს, რომლებსაც სურთ, მათ ხმას მოუსმინონ“.