„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სამი სხვადასხვა ასეთივე ტიპის რეზოლუცია იქნა მიღებული ევროპარლამენტში და ეს არის მორიგი, მეოთხე რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო. აქ იკითხება იმ ძალების ხელი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
„რაც შეეხება რეზოლუციას და ზოგადად, ევროპარლამენტს, არავისთვის გასაკვირი არ არის ალბათ ასეთი ტიპის ფაქტები – ის სურათი, რომელიც კიდევ ერთხელ ვიხილეთ ევროპარლამენტში. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სამი სხვადასხვა ასეთივე ტიპის რეზოლუცია იქნა მიღებული ევროპარლამენტში და ეს არის მორიგი, მეოთხე რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო.
აქ იკითხება იმ ძალების ხელი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. აშკარაა, რომ კონკრეტული ძალები ვერ ეგუებიან იმას, რომ ქვეყანაში არ შედგა მეორე ფრონტი, არ შედგა ომი და ეს არის ერთგვარი ბოლო გაბრძოლება ამ ძალებისთვის, იმისათვის, რომ მოახერხონ ასეთი სცენარის განვითარება…
ძალიან მკაფიოდ იკითხება ამ რეზოლუციიდან უსამართლობა. ისევ არის საუბარი „ქართული ოცნების“ დასჯაზე, ისევ არის საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველობაზე. ეს არის მთავარი წითელი ხაზი, რომელიც გასდევს ამ რეზოლუციას.
როგორც მან აღნიშნა, ამ რეზოლუციასაც მათთვის ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორც წინა სამს.
„რა თქმა უნდა, უსამართლო დოკუმენტს არავითარი ფასი არ აქვს ჩვენთვის. ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორც წინა სამ რეზოლუციას და ისეთივე უშედეგო იქნება ეს რეზოლუცია, როგორც წინა სამი“, – განაცხადა კობახიძემ.