კობახიძე ევროპელ პარლამენტარებზე: დელეგაციის წევრთა ნაწილი უხეშად არღვევდა საარჩევნო პრინციპებს

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების ვიზიტის სულისკვეთება არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

მისი განცხადებით, საქართველოში ვიზიტით ჩამოსულ პოლიტიკოსებთან შეხვედრაზე უარი თქვეს, რადგან კობახიძის მტკიცებით, დელეგაციის წევრთა ნაწილი უხეშად არღვევდა საარჩევნო პრინციპებს.

„ჩვენ თავი შევიკავეთ ამ ადამიანებთან შეხვედრისგან ერთი მარტივი მიზეზის გამო, ამ დელეგაციის წევრთა ნაწილი იყო პირდაპირ ჩართული საარჩევნო აგიტაციაში და თავად არღვევდა უხეშად საარჩევნო პრინციპებს. როდესაც ის ადამიანები გვესაუბრებიან ჩვენ არჩევნების ლეგიტიმაციაზე, რომლებიც თავად არღვევდნენ საარჩევნო პრინციპებს, თავად ხედავთ, რაშიც არის საქმე და ამას პირველ რიგში, საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს. არ შეიძლება, შენ თავად არღვევდე საარჩევნო პრინციპებს, აკეთებდე ამას უხეში ფორმით და მერე საუბრობდე იმაზე, ხომ არ არის დარღვეული არჩევნების ორგანიზების დროს საარჩევნო პრინციპები. ნუ ასეთ ადამიანებთან შეხვედრა არ იყო მიზანშეწონილი, ამ დელეგაციაში არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც არ არღვევდნენ თავად საარჩევნო პრინციპებს, არ იყვნენ ჩართული საარჩევნო აგიტაციაში, თუმცა ყველა შემთხვევაში ამ ვიზიტის სულისკვეთება სამწუხაროდ, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათ ჰქონდათ პირდაპირ საუბარი პრესკონფერენციაზე ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების ცვლილებაზე, რეალურად ამაზე ჰქონდათ საუბარი, ეს არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც უნდა ჰქონდეს ევროპელ პოლიტიკოსს სუვერენული ქვეყნის მიმართ. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ამ ვიზიტის მიმართ, არის შესაბამისი“, – თქვა კობახიძემ.

საქართველოში იმყოფება ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის პარლამენტების დელეგაცია – ფინეთის (ჯუკა კოპრა), შვედეთის (ერიკ ოტოსონი), საფრანგეთის (ფრედერიკ პეტიტი), ლიეტუვის (ჟიგიმანტას პავილიონისი), ლატვიის (ინარა მურნიესი), ესტონეთის (მარკო მიკელსონი), პოლონეთისა (მიხალ კამინსკი) და გერმანიის (მიხაილ როთი) წარმომადგენლები.

მათ უკვე შეხვდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.