კობახიძე ფაშინიანს: მზად ვართ, რეგიონში მშვიდობისთვის ჩვენი როლი შევასრულოთ

პუბლიკა

„ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა წარმოადგენს პრაქტიკულ მაგალითს, როგორი უნდა იყოს ურთიერთობები ქვეყნებს შორის რეგიონში”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სომხეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება სიცოცხლისუნარიანი მექანიზმია, რომელიც ორმხრივ ინტერესებს ემყარება.

ფაშინიანის თქმით, საქართველომ და სომხეთმა უპირობოდ აღიარეს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. მისივე თქმით, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რათა მიღწეულ იქნას სტაბილურობა და ხანგრძლივი, მდგრადი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში.

ამასთან, როგორც ფაშინიანმა განაცხადა, ირაკლი კობახიძესთან პირისპირ შეხვედრაზე ისაუბრეს მთელ რიგ საკითხებზე, რომლებიც ეხება ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას და რეგიონში სტაბილურობის გაძლიერებას.

„უნდა აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანთან რთული მოლაპარაკებების დროს, დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესში ჩვენ მოვახერხეთ, მიგვეღწია გარკვეული პროგრესისთვის. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც უნდა მოქმედებდეს დელიმიტაციის პროცესის ჩარჩოებში და ეყრდნობა 1991 წლის ალმათის დეკლარაციის დებულებებს. ეს ნიშნავს, რომ საფუძველი ამ პროცესისთვის იქნება ადმინისტრაციული საზღვრების განსაზღვრა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის. ჩვენ ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში მივაღწევთ პრაქტიკულ პროგრესს სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის პროცესის ჩარჩოებში.

თითქმის ორწლიანი მოლაპარაკებების შედეგად, სომხეთი და აზერბაიჯანი ახერხებენ, შეთანხმდნენ სამშვიდობო და ქვეყანათა შორის ურთიერთობის დამყარების ხელშეკრულების 80%-ზე. ჩვენ შევთავაზეთ აზერბაიჯანს, ხელი მოეწერა იმ დებულებებისთვის, რომლებიც უკვე იყო შეთანხმებული. ასევე შეთავაზებული იყო დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება და ყველა სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება, რომელიც ორმხრივ ინტერესებში შედის.

მთელი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის, კომუნიკაციების განბლოკვა და სრული ოპერაცია არის უმთავრესი რეგიონის სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის. ამ თემას ჩვენ ვთვლით ჩვენი მთავრობის პრიორიტეტად. ჩვენი იდეა ამ საკითხზე საუკეთესოდ არის ასახული სამშვიდობო პროექტის გზაგასაყარზე, რომელიც შექმნა სომხეთის მთავრობამ, რომელიც, პირველ რიგში, გავუზიარეთ ჩვენს საერთაშირისო პარტნიორებს თბილისში, კონფერენციის დროს.

ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, მე ნამდვილად მწამს, რომ ჩვენ გაგვაჩნია ისტორიული შესაძლებლობა, დავხუროთ კონფლიქტების თავი სამხრეთ კავკასიაში და შევქმნათ მდგრადი მშვიდობა ჩვენს რეგიონში. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მშვიდობის ბენეფიციარები, არა მხოლოდ სომხეთი და აზერბაიჯანია, არამედ საქართველო, თურქეთი და ირანიც მიიღებენ სარგებელს თანაბრად. ამიტომ, ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენი მთავრობა მდგრადად და მუხლმოუხრელად გააგრძელებს ყველა ძალისხმევის განხორციელებას, რომ მშვიდობა რეგიონში იყოს შესაძლებელი. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომ წვლილი შეიტანოს რეგიონული, საერთაშორისო სტაბილურობისა და მშვიდობის მიღწევაში“, – განაცხადა ფაშინიანმა.

საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ კი აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში თავისი როლი შეასრულოს.

მისი თქმით, „საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესის დადებით დინამიკას და კონკრეტულად სომხეთის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ”.

„საქართველო მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას და მშვიდობიან თანაცხოვრებას. ამ კუთხით მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში არსებულ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში. საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესის დადებით დინამიკას და კონკრეტულად სომხეთის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ. მზად ვართ, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში ჩვენი როლი შევასრულოთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში.

კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო ჩემი კმაყოფილება იმ შეხვედრებით, რომლებიც გაიმართა დღეს. გვქონდა ძალიან საინტერესო საუბრები. მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ მქონდა საშუალება, გაგვეცვალა მოსაზრებები, რაც უკავშირდება ქართულ-სომხურ ურთიერთობებს, რეგიონში გლობალურად მიმდინარე პროცესებს. პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო საქართველოში ჩამობრძანებისთვის და მისი წვლილისთვის ქართულ-სომხური ურთიერთობების განვითარებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების  შესახებ გაერო-ს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს დღეს ეწვია. ფაშინიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.