ირაკლი კობახიძის თქმით, კირბალში „აგრესორების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა არის „ნაცმოძრაობის პროვოკაციების საბოლოო შედეგი”.
კობახიძე ამბობს, რომ კირბალში მომხდარი არის „მინიმოდელი იმისა, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს უფრო დიდ მასშტაბებში”. კობახიძის თქმით, ენმ-ს უფრო „მსხვილი პროვოკაციების მოწყობა უნდა მეორე ფრონტისთვის”.
„ნაცმოძრაობას მოვუწოდებთ, ძალიან მკაცრად თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, გახსოვთ კირბალის თემაზე პროვოკაცია, ამ პროვოკაციის საბოლოო შედეგია ის, რომ აგრესორებმა მოკლეს ჩვენი ერთ-ერთი მოქალაქე. ეს არის მინიმოდელი იმისა, რაც სურთ მათ დიდ მასშტაბში. უფრო მსხვილი პროვოკაციებით სურთ, მივიდეთ მეორე ფრონტამდე. რაც მოხდა კირბალში არის მინიმოდელი…ერთი პროვოკავია, მეორე, მესამე… კაცი დაიღუპა ხომ, აგრესორებმა მოკლეს ჩვენი მოქალაქე…. ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან…
მაინცდამაინც რატომ დაემთხვა, რომ 4 პროვოკაცია ზედიზედ მოაწყვეს და კაცი მოკლეს? აგრესორებმა? რატომ მოხდა? მათ შორის თქვენი ტელევიზიები იყვნენ ჩართულები ამ პროვოკაციებში.“, – უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.
6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
თამაზ გინტურმა სოფელ კირბალში ლომისას ეკლესიაში რუსების მიერ აჭედილი კარები გააღო და ტაძარში სალოცავად შევიდა. ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ კი სოფლიდან მიმავალს ავტომობილში ცეცხლი გაუხსნეს. რუსმა ოკუპანტებმა ტაძარი 2023 წლის აგვისტოში აჭედეს.
ლევან დოთიაშვილი თამაზ გინტურის მკვლელობის მოწმეა, იჯდა იმ ავტომობილში, რომელსაც რუსი ოკუპანტები „დამიზნებით” ესროდნენ.
დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.