ოკუპირებულ გალში, მდინარე ენგურზე საბაჟო ტერმინალი იხსნება. დღევანდელ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს თუ რა პოზიცია აქვს ოფიციალურ თბილისს ამ ტერმინალთან დაკავშირებით?
„მოგეხსენებათ ჩვენ ე.წ. სახელმწიფო საზღვარს არ ვაღიარებთ, ეს არის სრული სიყალბე , აქედან გამომდინარე ჩვენი მხრიდან ამაზე ვერ იქნება ბუნებრივია საუბარი, თქვენ გახსოვთ რომ წინა ხელისუფლების პირობებში ხელი მოეწერა კონკრეტულ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც მაშინდელმა ხელისუფლებამ თანხმობა მისცა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებაზე და მას შემდეგ იყო ეს შეთანხმება, რომ შვეიცარიის შუამდგომლობით უნდა შექმნილიყო ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობა, თუმცა მას შემდეგ ეს საკითხი არის გაჩერებული და ჩვენი მხრიდან არავითარი ნაბიჯი არ გადადგმულა ამ მიმართულებით, აქედან გამომდინარე რომ ეს ყველაფერი არის სპეკულაცია“,- აცხადებს კობახიძე.
ჟურნალისტის შეკითხვაზე: ტერმინალის მშენებლობა დაიწყო საიდუმლოდ და ომის შედეგ , ინფრასტრუქტურა უკვე იქ არსებობს და როგორ შეიძლება თბილისის პოზიციის გარეშე გალის რაიონში აშენდეს ტერმინალი ასე უპერსპექტივოდ?
კობახიძემ უპასუხა, რომ: „ მე არ ვიცი, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი მხრიდან არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა, ამ მიმართულებით, ზოგადი შეთანხმება არსებობს, თუმცა ამ კუთხითაც არავითარი აქტივობა არ ყოფილა, ეს არის ის პოზიცია რაც ჩვენ გვაქვს , თუ რაიმე ცვლილება იქნება რა თქმა უნდა ჩვენგან შეიტყობთ.“
სატრანზიტო და ლოჯისტიკური კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა და აფხაზეთში „მსოფლიოს ხალხთა ასამბლეის“ ხელმძღვანელმა ასტამურ ახსალბამ აფხაზეთში მომუშავე მედიასთან ისაუბრა მდინარე ენგურზე ახალი საბაჟო ტერმინალის – მისი მიზნების, პერსპექტივებისა და გეოპოლიტიკური კონტექსტის შესახებ.
მშენებლობა თითქმის დასრულებულია და სოხუმი „ჰიპოთეზურად მზადაა“ ტვირთების ტრანზიტის დასაწყებად. ინფორმაცია, რომ ტერმინალი შენდებოდა, რამდენიმე წლის განმავლობაში ვრცელდებოდა, თუმცა, სოხუმის საოკუპაციო რეჟიმი ამას ამ დრომდე მალავდა. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სამთავრობო მედიასთან ახსალბა ამბობს, რომ ტვირთები საბაჟო ტერმინალის გავლით რუსეთში შევა მესამე ქვეყნებიდან, მათ შორის, ჩინეთიდან და ინდოეთიდან.