მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება იყო სრულიად ლოგიკური და უწყინარი. მას უკვირს, რატომ გამოიწვია ამან ასეთი ვნებათაღელვა.
ირაკლი კობახიძემ შეურაცხმყოფელად მოიხსენა ის ადამიანები, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება კრიტიკულად შეაფასა და თქვა, რომ ისინი „გლობალური ომის პარტიის აგენტები არიან“.
„გლობალურმა ომის პარტიამ ამ კამპანიაში ჩართო აბსოლუტურად ყველა აგენტი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. გამოაგორეს ძველი, ნაფთალინიდან ამოღებული აგენტები, სცენაზე… ლორა თორტონი საერთოდ არ გვახსოვდა და უცებ გამოაგორეს. NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელია, საერთოდ არ ახსოვდა არავის და უცებ ესეც კი გამოაგორეს სცენაზე, ანუ ყველა გლობალური ომის პარტიის ძველი თუ ახალი აგენტი გამოიყვანეს სცენაზე და ალაპარაკეს სრული აბსურდი იმ სრულიად უწყინარ და ლოგიკურ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმა”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
გუშინ ბრატისლავაში გამართული გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი იყო NATO-ს გაფართოება და უკრაინის სურვილი, გამხდარიყო ალიანსის წევრი. ღარიბაშვილმა შეკითხვის პასუხად მხოლოდ კრემლის მიერ ომის გასამართლებლად გავრცელებული პოზიცია გააჟღერა.