,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გაეროში დავით ბაქრაძის დანიშვნის შემდეგ, პრეზიდენტის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის სარჩელმა სამართლებრივი აქტუალობა დაკარგა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ, პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელები უკან გაიხმო. საქართველოს მთავრობის სარჩელი, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის დანიშვნის საკითხთან იყო დაკავშირებული.
,,ეს ტექნიკური სამართლებრივი საკითხი იყო. სამართლებრივად ასეა, რომ სარჩელს კონკრეტული საფუძველი უნდა ჰქონდეს. აბსტრაქტული არ არის ეს დავა, უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევები. არ ნიშნავდა (პრეზიდენტი) გაეროში მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძეს. დაინიშნა ბაქრაძე და ამიტომ დაკარგა სამართლებრივი აქტუალობა ამ სარჩელმა.
რომ არ გამოეწვია მთავრობას ეს სარჩელი, ტექნიკურად საერთოდ ვერ გააგრძელებდა სასამართლო მსჯელობას ამ საქმეზე. ამიტომ ეს ტვირთი მოუხსნა მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს, თორემ მოუწევდა საკონსტიტუციო სასამართლოს იქვე ამ სარჩელის უარყოფა, იმიტომ, რომ ბაქრაძე დაინიშნა. რაზეც იყო დავა, ის მოიხსნა.” – ამის შესახებ ,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში, „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.