ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნებისთვის” განსაკუთრებული დანაკლისი ვერ იქნება PACE-ს მუშაობაში არმონაწილეობა. მისივე განცხადებით, საქართველო რჩება ევროსაბჭოს წევრად და „გაგრძელდება სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობა”.
კობახიძე ამბობს, რომ „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ევროპარლამენტზე სუსტი სტრუქტურაც კია”.
„ასეთ პირობებში, ჩვენთვის განსაკუთრებული დანაკლისი ვერ იქნება PACE-ს მუშაობაში არმონაწილეობა, თუმცა რაც შეეხება ევროსაბჭოს, ბუნებრივია, ჩვენ ვრჩებით ევროსაბჭოს წევრად და გაგრძელდება სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობა. მზად ვართ თანამშრომლობისთვის ევროსაბჭოსთან. ამას დავპირდით ჩვენ ევროსაბჭოს მდივანს, როდესაც ის იყო ჩამობრძანებული საქართველოში და რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ სხვადასხვა მიმართულებით”. – თქვა ირაკლი კობახიძემ.
გუშინ, 29 იანვარს, მას შემდეგ, რაც PACE-მ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ ახალი არჩევნების ორგანიზებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, „ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, რომ ასამბლეაში მუშაობას წყვეტენ.
PACE-მ მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების” დელეგაციის შეზღუდული უფლებამოსილებას 2025 წლის აპრილამდე. შეზღუდვები მოიხსნება ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების შემთხვევაში.