კობახიძე: გოგაშვილის სახლში ერთადერთხელ ვარ ნამყოფი, მაშინ ის არ იყო თანამდებობაზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, „ღამის კურიერის” ეთერში სოსო გოგაშვილზე საუბრისას დაადასტურა, რომ წლების წინ ის ნამდვილად იმყოფებოდა სოსო გოგაშვილი ოჯახში ვახშამზე და თუმცა მისივე თქმით, არანაირი შეთავაზება არც ფულის და არც თანამდებობის მისი მხრიდან არ ყოფილა.

„სრული აბსურდია გოგაშვილის ოჯახის განცხადება რაც წავიკითხე და იქ დეტალებიც გაუგებარია, 5 წლის წინ იყო ჩვენთანო. ამ დროს მე ვიყავი პარლამენტის თავმჯდომარე და სოსო გოგაშვილი იყო სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე. მე მასთან სახლში ერთადერთხელ ვარ ნამყოფი, ვახშამზე დამპატიჟა, მაშინ ის არ იყო თანამდებობაზე. 2 ვიზიტი მასთან მე არ მქონია, ეს მოხდა ერთხელ. არც ერთი შეხვედრის დროს არ ყოფილა საუბარი ჩემი მხრიდან არაფრის შეთავაზებაზე. მაშინ არც მქონდა მე მაგდაგვარი ფუნქცია, ახლა პარტიის თავმჯდომარე ვარ და შესაძლოა პარტიული თანამდებობა შევთავაზო ვინმეს, მაგრამ მაშინ ვიყავი უმრავლესობის ლიდერი და როლიც არ მქონდა შესაბამისი. აბსურდულ რაღაცებს ამბობენ, ძალიან მძიმეა ეს ადამიანურად. მე მქონდა ხანგრძლივი ურთიერთობა მასთან და ამის გამო, ხათრით, ვახშამზე დავთანხმდი.

მას ჰქონდა პირიქით ჩემს მიმართ თხოვნა, რომ რაიმე თანამდებობაზე დაბრუნებულიყო. ეს თხოვნა მას მუდმივად ჰქონდა არამარტო ჩემს, არამედ სხვა კოლეგების მიმართაც. გამომდინარე იქიდან, რომ იყო სერიოზული პრობლემები, იყო ნულოვანი რეაგირება ჩვენი მხრიდან მის თხოვნებზე,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის ცოლი, თია მარტყოფიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 5 წლის წინ მათ სახლში ორჯერ იყო სტუმრად.