კობახიძე გუშინდელ აქციაზე: ხალხის მხარდაჭერა მათ ზურგს არ უმაგრებს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს პარტიის ოფისში ბრიფინგზე 3 ივლისს გამართული აქცია შეაფასა. მისი თქმით, აქციის ორგანიზატორებს ზურგს არ უმაგრებს ხალხის მხარდაჭერა. პარტიის თავმჯდომარემ მოძრაობა „სირცხვილიას“ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული რადიკალური ფრთა“ უწოდა.

„გუშინ ცხადი გახდა, რომ ბაკურიანის გეგმა ჩავარდა და მას აღსრულება არ უწერია. ამ გეგმის განხორციელებას ესაჭიროებოდა ერთი მთავარი რამ – ხალხის მხარდაჭერა. „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ახალგაზრდული რადიკალური ფრთა „სირცხვილია“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ენჯეოსატელიტები ამ მხარდაჭერას ვერასდროს მოიპოვებენ, რადგან მათ მხარეს არ არის სიმართლე“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ კიდევ ერთხელ ახსენა „ბაკურიანის გეგმა“ და აღნიშნა, რომ „თუ ხალხის მხარდაჭერა არ გიმაგრებს ზურგს, ვერანაირი ტრენინგი ვერ გიშველის. როგორც არ უნდა დაგატრენინგოს ვიღაც ჩამოსულმა უცხოელმა რევოლუციის მოწყობაში, თუ ხალხი არ გიმაგრებს ზურგს, ვერავითარ რევოლუციას ვერ მოაწყობ“.


3 ივლისს თბილისში, პარლამენტის წინ აქცია „შინ ევროპისკენ!“ გაიმართა. ხელისუფლებას მოთხოვნების შესრულებისთვის ერთკვირიანი ვადა უკვე ამოეწურა.

აქციის მთავარი მოთხოვნა იყო: გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა“, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის თორმეტივე პუნქტს ზამთრამდე შეასრულებს.