კობახიძე: გვაქვს ინტერესი, შევისყიდოთ ენერგეტიკული რესურსები თურქმენეთისგან

პუბლიკა

თურქმენეთში ვიზიტით მყოფი „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შეგვიძლია თურქმენეთს დახმარება შევთავაზოთ ენერგეტიკული რესურსების ტრანზიტის თვალსაზრისით. გარდა ამისა, მისი თქმით, აქვთ ინტერესი, ენერგეტიკული რესურსები თურქმენეთისგან შევისყიდოთ.

„ჩვენ შეგვიძლია, შევთავაზოთ თურქმენეთს ძალიან კონკრეტული დახმარება ენერგეტიკული რესურსების ტრანზიტის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ჩვენც გვაქვს ინტერესი, შევისყიდოთ ენერგეტიკული რესურსები თურქმენეთისგან. ამ საკითხებზე გვქონდა ძალიან საინტერესო საუბრები და ვფიქრობ, ძალიან კონკრეტული პროგრესი გვექნება ურთიერთობებში უახლოეს მომავალში იმ შეთანხმებებიდან გამომდინარე, რომლებსაც ხელი მოეწერა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე „ოცნების“ მთავრობის სხვა წევრებთან ერთად თურქმენეთში 6 მარტს გაემგზავრა. მან შეხვედრა გამართა თურქმენეთის პრეზიდენტთან. საქართველოსა და თურქმენეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის და ამ მხრივ არსებული პერსპექტივების საკითხებზე თურქმენეთის მთავრობისა და „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრებმა იმსჯელეს.