კობახიძე: თუ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს გვარამიას, გამოდის, რომ ის არ იცავს პრეზიდენტის ინსტიტუტს

პუბლიკა

მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია არ უნდა შეიწყალოს, რადგან ის „ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის მიმართ“. ამის შესახებ კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„რაც შეეხება შეწყალებას, მე აქ ვერ შევალ დეტალებში. ეს პრეზიდენტის ექსკლუზიური პრეროგატივაა. ერთ რამეს ვიტყვი, გვარამია განსაკუთრებით პრეზიდენტის მიმართ გამოირჩეოდა ბილწსიტყვაობით. როდესაც გვარამია ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის მიმართ, ეს არ არის ბილწსიტყვაობა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ეს არის ბილწსიტყვაობა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ.

თუ ასეთ პირობებში სალომე ზურაბიშვილი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც ჰქვია შეწყალება, გამოდის, რომ ის არ იცავს პრეზიდენტის ინსტიტუტს. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს“. – განაცხადა კობახიძემ.

გუშინ ნიკა გვარამია მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ, დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და საბოლოო სასჯელის სახედ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით.