კობახიძე: გვესმის ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის პრორუსობაზე, ფაქტი არავის წარმოუდგენია

პუბლიკა

„ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აქვეყნებს ვრცელ პოსტს, სადაც ის ამტკიცებს, რომ „სხვადასხვა ქვეყანაში ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწებება „დიპ სტეიტის“ კარგად აპრობირებული ხელწერაა”, მას მაგალითად მოჰყავს ბიძინა ივანიშვილი.

„დიპ სტეიტის“ პროპაგანდის მძლავრი ხაზი მუშაობს მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ წლების მანძილზე გვესმის ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის პრორუსობისა და რუსული კავშირების შესახებ, დღემდე ამის დამადასტურებელი იოტისოდენა ფაქტიც კი არავის წარმოუდგენია საზოგადოებისთვის.

საქმე გვაქვს გებელსისეულ პროპაგანდისტულ მეთოდებთან, როდესაც ჯერ ქმნი მტრის ხატს და შემდეგ ოპონენტს მასთან კავშირს აბრალებ. ამგვარ პროპაგანდას არ სჭირდება არავითარი ფაქტები. მთავარია, პროპაგანდა იყოს ტოტალური და გზავნილი რაც შეიძლება მეტმა აგენტმა გაიმეოროს”, – წერს „ოცნების” პრემიერი, ირაკლი კობახიძე.

მისი თქმით, ტულსი გაბარდიმ „მტკიცებულებებით დაადასტურა”, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ბრალდებები დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოგონილი იყო და მას საფუძველი „ბარაკ ობამას” ადმინისტრაციაში ჩაეყარა.

მან, ასევე, თქვა, რომ ოპონენტების პრორუსებად გამოცხადება მტკიცებულებების გარეშე „მედიაპლატფორმების გამოყენებით” სხვა ქვეყნებშიც ხდება.