კობახიძე იმსახურებს, მოხვდეს დასასანქცირებელთა სიაში - ხაბეიშვილი

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით ბრიფინგით გამოეხმაურა.

ხაბეიშვილის განცხადებით, რუსეთი მარცხდება, რადგან მას უპირისპირდება ცივილიზებული სამყარო. მისი შეფასებით, საქართველოს ერთიანობისთვის, უკრაინისთვის და განვითარებული სამყაროსთვის მისი დამარცხება მნიშვნელოვანია.

ხაბეიშვილი ამბობს, რომ კობახიძე, რომელიც უშვებს, რომ რუსეთი გაიმარჯვებს, პუტინის მხარდამჭერია და ის სანქცირებულთა სიაში ყოფნას იმსახურებს.

„მივმართავ ირაკლი კობახიძეს, რუსეთი ობიექტურად მარცხდება უკრაინაში და მხოლოდ ბუნებით პუტინის მხარდამჭერი უშვებს, რომ ბოროტება გაიმარჯვებს და სიკეთე დამარცხდება.

მას შეუძლია, უარი თქვას ქართველობაზე და არ გულშემატკივრობდეს უკრაინას, მაგრამ უნდა იცოდეს, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მიისწრაფვის სიკეთის გამარჯვებისკენ და მისი ქვეყნის გაერთიანებისკენ და ქართველი ხალხის პასუხი მისი ნების გაყალბებაზე, მისი წარსულის, აწმყოს და მომავლის გაქრობის მცდელობაზე იქნება დამანგრეველი მტრებისთვის.

საბოლოოდ, პუტინის მსახური, ლაქია კობახიძე იმსახურებს, იყოს მარგარიტა სიმონიანის, სალავიოვის გვერდით და ისიც მოხვდეს დასასანქცირებელთა სიაში, როგორც მთავარი რუსეთუმე, პუტინისტი საქართველოში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ირაკლი კობახიძის განცხადება პარლამენტში ბრიფინგით შეაფასა ასევე „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემაც.

„პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ კობახიძე, საკუთარი განცხადებით ცდილობს ღალატის და ლაჩრობის გამართლებას, რომელსაც აქვს ადგილი მათი მხრიდან, რომ დაამკვიდროს მარცხისთვის განწირული უძლეველობის მითი, შეცვალოს რეალობა და იკადროს ისეთი რამ, რასაც რუსი პროპაგანდისტებიც კი არ ამბობენ, რომ თითქოს რუსეთს აქვს დიდი წარმატება ამ ომში“, – განაცხადა მან.

ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში უკრაინულ მხარეს არცერთი დასახლება არ აუღია. რუსულმა მხარემ მინიმუმ ბოლო 1 კვირაში 10-მდე დასახლება აიღო, რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის თითქმის 27% დაიკავა, თუმცა დროთა განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე კონტრშეტევა განახორციელა და ტერიტორიების ნაწილი დაიბრუნა. მათ შორის, ხერსონის ოლქის ნაწილი და თავად ქალაქიც. ამ დროისთვის რუსეთს უკრაინის დაახლოებით 18% აქვს ოკუპირებული და ცდილობს, დონეცკის ოლქში მიაღწიოს წარმატებას. უკრაინის ხელისუფლება კი დასავლეთისგან დამატებით შეიარაღების მიღებაზე მუშაობს და აცხადებს, რომ რამდენიმე თვეში კიდევ ერთი ძლიერი კონტრშეტევისთვის ემზადება.